„ხის კოტეჯების აშენებაზე კონკურენცია გაიზარდა და შეკვეთები შემცირებულია“ – გიორგი მწარიაშვილი

„ხის კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა ისევ დიდია, თუმცა შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია, რადგან ბოლო წლებში კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ხის კოტეჯების კერძო მშენებელმა გიორგი მწარიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო და მაშინ შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად მეტი იყო, ვიდრე დღეს, როცა ამ მომსახურებას მომხმარებლებს უკვე ბევრი კომპანია თუ კერძო პირი სთავაზობს.
თუ 5 წლის წინ ის წელიწადში 10-ზე მეტ კოტეჯს აშენებდა, ბოლო წლებში ეს რიცხვი განახევრებულია.
„ჩვენი შეკვეთების რიცხვი ყოველწლიურად განსხვავდება. თუმცა, შემცირება საგრძნობია. გვქონდა წელი, როცა 11 კოტეჯი ავაშენეთ. ბოლო წლებში კი დაახლოებით მხოლოდ 5-3 პროექტი შევასრულეთ. წელს უკვე დაწყებული გვაქვს თიანეთის რაიონის სოფელ ღულელებში 2 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება $50 000-ია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კარგი წელი იქნება“, – აღნიშნა გიორგი მწარიაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, ერთი 1 კვ.მ.-ის ფასი დღეს საშუალოდ $370-ია, რაც დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა გაიზარდოს. მშენებლობის ფასი გაზრდილი იყო პანდემიურ წლებში, როცა ის დაახლოებით $470-საც აღწევდა, თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში ფასები დარეგულირდა და $100-ით შემცირდა.
როგორც მშენებელი განმარტავს, ხის კოტეჯების მშენებლობისთვის დღეს საქართველოში რუსული მასალა გამოიყენება. კერძოდ, მშენებლობის მთავარი მასალა რუსული ფიჭვი და ნაძვია.
„ბაზარზე დღეს რუსული მასალაა და ჩვენც ამას ვიყენებთ. ისედაც, ჩვენი ხეების გაჩეხას, ჯობია რუსული მასალა იყოს და იქაური ხეებით ვიმუშაოთ“, – განაცხადა გიორგი მწარიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ