„ხელისუფლებას უნდა მისგან დამოუკიდებელი სუბიექტები არ არსებობდნენ“ – არასამთავრობოები სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ინიციატივაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს რეესტრში აღირიცხებიან სახელმწიფოს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღებასშეძლებენ. ინიციატივა მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ გააჟღერა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ ინიციატივაზე სამოქალაქო სექტორში.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მხრიდან საგრანტო პროგრამისა და ფულის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფის ინიციატივის შეფასება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორს ვთხოვეთ. ,,კომერსანტთან” საუბარში გურამ იმნაძე აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციებზე გავლენის მოპოვება და მათი თავისუფალი მოქმედებების შეზღუდვას წარმოადგენს.
,,ზოგადად, ეს არ არის უცხო ფენომენი, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს სამოქალაქო ორგანიზაციებს ან მედია საშუალებებს. მაგალითად, როდესაც საუბარია ჯანდაცვის სერვისებზე ან საინფორმაციო კამპანიებზე, რომლების საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. ასეთ დროს შეიძლება რაღაც ტიპის თანამშრომლობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის, მაგრამ ჩვენ ახლა ასეთ ვითარებასთან არ გვაქვს საქმე. ხელისუფლება ამ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აანონსებს, რომ მას უნდა მისგან დამოუკიდებელი სუბიექტები არ არსებობდნენ, მთლიანი სამოქალაქო და მედია სექტორი ფინანსურად გახდეს დამოკიდებული ხელისუფლებაზე და მერე ამ გზით მოახდინონ მათზე გავლენა.”- აცხადებს გურამ იმნაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროგრამის დირექტორი არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობაში პრობლემურ საკითხებად მიიჩნევს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კორუფცია, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება და სახელმწიფოს მიტაცება. გურამ იმნაძე აცხადებს, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის დისტანციის დაცვა, რათა ეს საკითხები ობიექტურად შეფასდეს.
,,ამას სჭირდება ფინანსურად დისტანცირებული ორგანიზაციების მუშაობა, რომ მათ რაიმე ტიპის უხერხულობა და შიში არ ჰქონდეს, რომ თუ კი ხელისუფლებისთვის არაპოპულარულ საკითხზე დაიწყებენ მუშაობას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ამის გამო მათ ფინანსურ თუ ორგანიზაციულ მდგრადობას საფრთხე არ შეექმნას.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში გურამ იმნაძე.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრში” მიაჩნიათ, რომ მთავრობის ინიციატივა სამოქალაქო სექტორის პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს და მათი უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში რეგისტრაციაზე ისევ უარს განაცხადებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით, რეესტრში 450-ზე მეტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის დაფუძნების ინიციატივა მთავრობის მეთაურმა 9 სექტემბერს გააჟღერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგისტრაციის შემთხვევაში უცხოელი დონორები დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ. რის გამოც ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივის წამოყენება გადაწყვიტა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ