წინასწარი მონაცემებით, სერბეთის დედაქალაქის ხელახალ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის მმართველი, პროგრესული პარტია (SNS) იმარჯვებს დედაქალაქ ბელგრადში და სხვა ადგილებში ხელმეორედ ჩატარებულ კენჭისყრაში – მას მერე, რაც წინა რაუნდმა მკაფიო გამარჯვებული არ წარმოშვა და ბიძგი მისცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, რომელთა მონაწილეებიც აცხადებდნენ, რომ SNS-ი არჩევნებში უკანონოდ ერეოდა.
ოპოზიცია დარღვევებზე აცხადებდა სერბეთში 2 ივნისს გამართული დანაც, რის გამოც პოლიტიკური ვითარება დაძაბული რჩება ბალკანეთის ამ, 7,1 მილიონი მოსახლის მქონე სახელმწიფოში.
ბელგრადში ბიულეტენების 51 პროცენტის დათვლის შემდეგ, ანალიტიკური კომპანია CeSID-ი ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია – რომელსაც პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უდგას სათავეში – ლიდერობს ხმათა 53 პროცენტით. მას ხმების 17,2 პროცენტით მოჰყვება მთავარი მეტოქე – მემარჯვენე-ცენტრისტული Kreni-Promeni (მოძრაობა-ცვლილება), რომლის ლიდერია სავო მანოილოვიჩი.
“ეს არის… საოცარი გამარჯვება” – თქვა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მისმა პარტიამ, შესაძლოა, უმრავლესობა მოიპოვოს ბელგრადის 110-ადგილიან საბჭოში, ისევე, როგორც ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი სადში.
თუმცა, მანოილოვიჩი და მისი კოალიცია შედეგების აღიარებას არ აპირებენ. “ეს იყო ყველაზე მეტი დარღვევის მქონე არჩევნები” – უთხრა მანოილოვიჩმა მომხრეებს 2 ივნისს, გვიან საღამოს.
2 ივნისს ამომრჩევლის აქტივობა ნაკლები იყო, ვიდრე 2023 წლის არჩევნებზე – იმ ფონზე, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გადაწყვიტა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან, მათი შეფასებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პირობები არ იყო დაკმაყოფილებული.
ოპოზიციური კოალიციები, “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” და NADA (იმედი) მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ბრალს სდებდნენ ხმების მოპარვაში 17 დეკემბრის არჩევნებზე, ბევრი დარღვევა გამოავლინეს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.
სერბეთის ხელისუფლება უარყოფდა სერიოზული დარღვევების არსებობას.

ასევე დაგაინტერესებთ