ჩინეთში, 3600 წლის მუმიებში, კეფირის ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს

ყველის ნარჩენებმა მისი ბაქტერიების ევოლუციის სურათი წარმოაჩინა
ისინი მუმიის თავისა და კისრის არეში აღმოაჩინეს.
რამდენიმე მუმიის თავსა და კისერზე წასმული თეთრი ნივთიერების ანალიზმა აჩვენა, რომ ის, თავის დროზე, კეფირის ყველი იყო. თავად მუმიები ბრინჯაოს ხანას (3300-დან 3600 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით) მიეკუთვნებიან და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიანის რეგიონში, სიაოჰეს სასაფლაოზეა ნაპოვნი.
ეს იდუმალი თეთრი ნივთიერებები მუმიებში არქეოლოგებმა ორი ათეული წლის წინ აღმოაჩინეს. მაშინ მათ დაასკვნეს, რომ ეს იყო ერთგვარი ფერმენტირებული რძის პროდუქტი, მაგრამ ზუსტად ვერ დაადგინეს, რომელი. ახლა კი ყველა თანხმდება, რომ ეს არის კეფირის ყველი.
აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ამ რძის ლაქტური ფერმენტის პრობიოტიკური ბაქტერიების ევოლუციის დადგენა ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.
„ჩვენს წინაშეა მსოფლიოში აღმოჩენილი ყველის უძველესი ნიმუში“, – აღნიშნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა, ციაომეი ფუმ, დაწესებულების სახელით გაკეთებულ განცხადებაში.
უძველესი დნმ-ის შესწავლის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, ფუს და მის კოლეგებს საშუალება მისცა, გაეანალიზებინათ ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომელიც სასაფლაოზე სამ ცალკეულ საფლავში ნაპოვნი თეთრი ნივთიერებიდან ამოიღეს და დაედგინათ, რომ ისინი კეფირის ყველს ეკუთვნის. ნიმუშები შეიცავდა პრობიოტურ და სოკოვან ბაქტერიებს, რომლებიც თანამედროვე კეფირშიც გვხვდება.
ამჟამად არსებობს ლაქტობაცილის ორი ძირითადი ჯგუფი: ერთი რუსული წარმომავლობისაა, მეორე – ტიბეტური. იოგურტისა და ყველის დასამზადებლად მთელ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ რუსული ლაქტობაცილა გამოიყენება.
მუმიებში აღმოჩენილ ნიმუშები მჭიდროდ არის დაკავშირებული ტიბეტურ ჯგუფთან, რაც უარყოფს თეორიას, რომ კეფირი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიან რეგიონში, თანამედროვე ს ტერიტორიაზე წარმოიშვა. „ევროპასა და სხვა რეგიონებში კეფირი ჩრდილოეთ კავკასიიდან გავრცელდა, ჩვენმა ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ არსებობდა კიდევ ერთი გზა ჩინეთის სინძიანის რეგიონიდან აღმოსავლეთ აზიის შიდა რაიონებში გასავრცელებლად”, – აღნიშნავს ფუ.
გარდა ამისა, თანამედროვე კეფირის ბაქტერიებთან შედარებამ აჩვენა, თუ როგორ ცვლიდნენ ლაქტობაცილის შტამები გენეტიკურ მასალას მონათესავე შტამებით, ხოლო გენები იძენდნენ ახალი იმუნოლოგიურ ფუნქციებს, გარემო სტრესებთან გასამკლავებლად. ამ მეტაბოლიზმმა გააძლიერა ბაქტერიის გენეტიკური სტაბილურობა და რძის დუღილის უნარი – ორი უნარი, რომელიც, ათასწლეულების განმავლობაში ურთიერთქმედების შემდეგ, დაეხმარა ლაქტობაცილას, უკეთ მორგებოდა ადამიანის კუჭს.
აქამდე ცოტა რამ იყო ცნობილი ფერმენტული მიკროორგანიზმების გამოყენების ისტორიისა და ევოლუციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკვების წარმოების ერთ-ერთი უძველესი პრაქტიკა კაცობრიობის ისტორიაში.
მეცნიერებამ დაადგინა, რომ რძის ფერმენტაცია ძვ. წ-ის 6000-4000 წლებში ინდოეთში მოხდა, ხოლო ყველის – მინიმუმ 7000 წლის წინ, ხმელთაშუა ზღვის აუზში. მიჩნეულია, რომ ეს არის ათასობით წლის განმავლობაში ძალიან რთულად შესანახი პროდუქტი. „ამიტომ ეს აღმოჩენა წარმოადგენს უნიკალურ და ღირებულ შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ჩვენი წინაპრების რაციონი და კულტურა“, – ამბობს მკვლევარი.
„ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო შედეგებს: შევძელით თვალყურის დევნება პროცესისთვის, თუ როგორ განვითარდა ბაქტერია ბოლო 3000 წლის განმავლობაში. და ეს მხოლოდ დასაწყისია: უძველესი დნმ-ის ანალიზის ახალი ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, აქამდე უცნობი სხვა ნივთიერებებიც შევისწავლოთ“, – აცხადებს ჩინელი მკვლევარი ფუ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი