ჩინეთი დაბრუნდა, როგორც საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი – ჩინეთის ელჩი

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და ჩინეთის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში, გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში მნიშვნელოვან გამოფენებში, ხელს შევუწყობთ ორ მხარეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის განვითარებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრების ხარისხის დაკმაყოფილებაში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ გასული წლის ივლისში ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რამაც ორ მხარეს შორის ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა და ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას.
„ორი ქვეყნის მიერ სარტყელისა და გზის ინიციატივის ერთობლივი მშენებლობა მუდმივად წინ მიიწევს. ვაჭრობის მხრივ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით და ჩინეთი დაბრუნდა, როგორც საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები, როგორიცაა მაგალითად „ზიქეი“, ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ინვესტიციებს რაც შეეხება, ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ურბანული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ წარადგინა უამრავი ახალი კოსმეტიკური, ფარმაცევტული, პლასტმასის, ხისა და სხვა გადამმუშავებელი საწარმოები. საკონტრაქტო პროექტებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული E-60-ისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის ბევრ მონაკვეთში, რომლებიც რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ არის აშენებული. მრავალი მონაკვეთი უკვე გაიხსნა ტრანსპორტირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
რაც შეეხება ტურიზმს, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33 000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ