შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის, საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა საჭირო – საღირაშვილი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილის განცხადებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის, საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა საჭირო – ამის შესახებ აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის – „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონულ წარდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ განხილული საკითხი და პრაქტიკით გაანალიზებული მიკვლევები რეალისტურია და დღეს მოქმედი ბაზრის კონიუნქტურას შეესაბამება.
„კადრების გაციფრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამასთან ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა და საფასო, სატარიფო პოლიტიკა. იცით, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთადერთი და არის ჩრდილოეთის და სამხრეთის კორიდორი. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია და ამას გამოყენება სჭირდება“, – აცხადებს საღირაშვილი.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ამბობს, რომ საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მიიღო ერთიანი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც გამჭოლი ტარიფების კუთხითაა მნიშვნელოვანი. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის ფარგლებში ასოციაცია ისედაც არსებობდა, სადაც გაერთიანებული იყო სარკინიგზო და საპორტო ოპერატორები. შესაბამისად, გამჭოლი ტარიფის პრობლემა ისედაც იდგა.
აკაკი საღირაშვილი იმ პროექტებზეც საუბრობს, რომელიც უნდა დაინერგოს. მათ შორისაა, საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც ერთიანი პლატფორმით გემების შემოსვლას და გასვლას გულისხმობს. სადაც ჩართულნი იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე კერძო ოპერატორები, ამასთან საზღვაო ხაზები და საპორტო ოპერატორები. რათა პორტის დატოვება ციფრული დოკუმენტების საშუალებით მოხდეს. ხოლო მეორე პროექტი PCS (port community system), ის უკვე ტვირთებზეა ფოკუსირებული. პლატფორმის მონაწილე სახმელეთო გადაზიდვის კომპანიები, სარკინიგზო ოპერატორები, საწყობები იქნება. აქაც მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რაც პროცესებს უფრო დააჩქარებს.
“საზღვაო აგენტირების კანონმდებლობაზე მიდის მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით წარედგინება. განისაზღვრება საზღაო აგენტების როლი, პასუხისმგებლობა და ამ ციფრული პროცესების დროს მათი მნიშვნელობა. ვინაიდან, იცით თქვენ, საზღაო ხაზებს გემის აგენტირება სჭირდებათ. შესაბამისად, ამ კუთხით ეს კანონი შესაბამისობაში იქნება ახალ ტექნოლოგიებთან.
ამ ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი გამომყენებელი, საზღვაო ხაზის სახელით სწორედ აგენტი იქნება. ამასთან ლიცენზირებადი ხდება ეს საქმიანობაც“, – განაცხადა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ.