შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიკროფონი გაუთიშა და სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, ვინც ახსენებდა სიტყვებს „რუსულ კანონი“.
დღევანდელ, 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით მმართველმა პარტიამ დეპუტატებსა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას შეურაცხყოფაა და ამ ქვეყნის, მინდა გითხრათ. ეს კანონის არის რუსული და ძახილის ნიშანი! რატომ არის და იმიტომ! ერთი ერთშია ნათარგმნი“, – თქვა „მოქალაქეების“ ლიდერმა.
ალეკო ელისაშვილს გამოსვლა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა მას შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გაუთიშა.
„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რასაც თქვენ აქ ეწევით ქართულ პარლამენტში. ანტიქართული პროპაგანდის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც ახსენებს „რუსულ კანონს“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა მიკროფონის გარეშე განაგრძო საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა, რომ კვლავ მიიღებდნენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. ამ კანონპროექტის პარლამენტში განხილვებმა გასულ წელს ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, მმართველი პარტია კი იძულებული გახდა, უარი ეთქვა მის მიღებაზე.
„საზოგადოება მსგავს საკითხებს არ ატარებს. იცით, ხომ რამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს? შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს, ასეთი საკითხების გადათქმის დროს…“ – თქვა 2023 წლის 9 მარტს მამუკა მდინარაძემ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხის გაცემის დროს. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, მომავალში დაუბრუნდებოდა თუ არა „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღების საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ