შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა – მისი განცხადებები არასერიოზულია

ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატის ჩარევამ, დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ პირდაპირაა ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში.
„რასაც აკეთებს , ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა – ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, სიტყვა სიტყვით ეს თქვა მან და მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს. შეგახსენებთ, თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, რამდენად ჩართულები იყვნენ უცხოელი აქტორები იმაში, რომ იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო ქალბატონი სალომესი. ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამბობდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა ცუდი. შესაბამისად, ვნახეთ ჩვენ ბოლოს, რომ ს წყალობით, ეს იმპიჩმენტი არ შედგა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე იმ თანამდებობაზე. დეპოლარიზაციას მისი მხრიდან მე ცოტა ნაკლებად ვხედავ, უფრო მეტად და უფრო გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი პირდაპირ ერეოდა პარლამენტის საქმიანობაში და ვნახეთ, რომ ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ვნახეთ, რომ ამ ჩარევამ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატისა დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზული უწოდა. ხოლო კითხვაზე, მზად არის თუ არა დებატებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ აპირებენ ვინმეს ხელი შეუწყონ კონსტიტუციის დარღვევაში.
„არასერიოზული განცხადებებია, უპირველეს ყოვლისა და ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე და ჰოი საოცრება, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებზე დამკვირვებელი ამას არ აპროტესტებს. მაინტერესებს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში მაინც თუ აღმოჩნდება ის, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი პირდაპირ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში.
ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში, ნებისმიერ პოლიტიკურ წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში ჩართვა იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეზიდენტის თანამდებობა, არის კონსტიტუციის დარღვევა და საკმარისია ის წყება დარღვევებისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა ამ ბოლო პერიოდში. არავინ არ აპირებს ხელი შეუწყოს, რომ კიდევ ერთხელ დაარღვიოს კონსტიტუცია. ის უნდა დარჩეს იმ თანამდებობის ჩარჩოებში, რომელიც მას აქვს და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ