ქოჩორაშვილი: მეკარის კარიდან გამოყვანა იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი თურქეთთან მატჩის ბოლო წამებზე საუბრობს და განმარტავს, რატომ გამოიყვანეს მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიდან და რატომ დააყენეს იგი მეტოქის საჯარიმოში.

“[მეკარის] გიორგის [მამარდაშვილის] გამოყვანა კარიდან იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე დავკარგოთ. როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, იმისთვის ვაკეთებთ, რომ უკეთესობა იყოს. ვცადეთ, გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, გოლი გაგვეტანა”, – თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარის დროს.

18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან ანგარიშით 3:1 დათმო.

მესამე გოლი მატჩის 97-ე წუთზე თურქმა ფეხბურთელმა აკთურქოღლუმ გაიტანა. ბოლო წუთებზე ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იყო, რა დროსაც გადმოვარდნილი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ალთუნაშვილმა ვერ დაიმორჩილა, მას აკთურქოღლუ დაეუფლა, სწრაფად გადაკვეთა მოედანი საქართველოს ნაკრების ნახევრის მიმართულებით და ცარიელ კარში ბურთი შეაგორა.

მატჩში ანგარიში თურქმა ფეხბურთელმა მერტ მულდურმა 25’ წუთზე გახსნა, თუმცა ანგარიში ჟორჟ მიქაუტაძემ შვიდ წუთში გაათანაბრა. 66’ წუთზე არდა გიულერმა საჯარიმოს გარედან შორეული, უძლიერესი გასროლით თურქეთი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს. მატჩს ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონი“ უმასპინძლებს.