„ქართული ოცნების“ წევრებმა სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს

„ქართული ოცნების” წევრებმა სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს. ადგილზე მმართველი გუნდის ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მდუმარე აქციის მონაწილეებმა სანთლებით „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს” დაწერეს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ენგურის ხიდთან გავიდნენ.
“31 წელი გავიდა უმძიმესი თარიღიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ჩვენ აუცილებლად მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს – ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს ვთავაზობთ ერთად ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნვას და ისტორიულ სიყვარულს, რომლითაც ჩვენ ერთად საუკუნეები ვიცხოვრეთ და ერთმანეთი გადავარჩინეთ – ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ოკუპაცია ყოველთვის სრულდება თავისუფლების გამარჯვებით – საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა დავით კოდუამ.
ნინო წილოსანის თქმით, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმაც კარგად იციან, რომ გასაყოფი არაფერია და ერთმანეთის ურთიერთპატიებით, ერთმანეთის შენდობით, საერთო ინტერესებითა და საერთო ენის გამონახვით აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ.
„დღევანდელი დღე ძალიან სევდიანია, უამრავი ტკივილია დაკავშირებული ამ დღესთან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს და ამ მშვიდობის მნიშვნელობა განსაკუთრებით სამეგრელოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და მთლიანად ქართველმა ერმა, ისევე როგორც აფხაზებმა ძალიან კარგად ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამყოფი ხაზის იქით ჩვენმა დებმა და ძმებმა აფხაზებმაც ასევე იციან, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, რომ ერთმანეთის ურთიერთპატიებით, ერთმანეთის შენდობით, საერთო ინტერესებით და საერთო ენის გამონახვით ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი რეალობა არის და კიდევ ერთხელ გვინდა, რომ აქედან მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი მშვიდობით უნდა გავერთიანდეთ!“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ზუგდიდს მერის მამუკა წოწერიას შეფასებით, დრო განკურნავს ყველა იმ ტკივილს, რომელიც 31 წლის წინ დატრიალდა და აცხადებს, – „სიყვარულის გულებს ვუხსნით ჩვენს აფხაზ და ძმებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია“.
„სოხუმის დაცემა არის უმძიმესი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის, რომელსაც ახლავს უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიები, სწორედ ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ დრო განკურნავს ენგურს გაღმა და გამოღმა ტკივილებს, იარებს, სიყვარულით გავუთბობთ ერთმანეთს გულს და მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს, ამ იმედით, რა თქმა უნდა, ჩვენ სიყვარულის გულებს ვუხსნით ჩვენს აფხაზ და ძმებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია და ერთად ვიზრუნებთ მომავალი საქართველოსთვის“ – აღნიშნა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს