ქართველი მეფუტკრეების მხოლოდ 2% ეწევა კომერციულ წარმოებას – მეფუტკრეთა ასოციაცია

მეფუტკრეობის დარგი უნდა გაიზარდოს, რადგან ახლა მხოლოდ 2% ეწევა კომერციულ წარმოებას. დაახლოებით 2000 ცალი კომერციული საფუტკრეა საჭირო სტაბილური წარმოებისთვის, რისი პირობებიც საქართველოში ნამდვილად არის“,- ამის შესახებ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა.
მისი თქმით, დარგის გასაძლიერებლად აუცილებელია მოყვარული მეფუტკრეების ხელშეწყობა, რათა მოხდეს საფუტკრეების გამსხვილება.
„ისეთ ვითარებაში, როცა საფუტკრეების 95% სამოყვარულო დონეზეა, პროდუქტის საჭირო რაოდენობაც არ არის და თვითღირებულებაც მაღალია. კომერციული წარმოებისთვის საჭიროა, რომ ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი იყოს მეურნეობაში. ამიტომ, მოყვარულებს, რომლებსაც 20-30 ოჯახი ჰყავთ, ხელი უნდა შევუწყოთ, რათა წლიდან წლამდე გაზარდონ ოჯახების რიცხვი.’
არის დახმარების გარკვეული პროგრამები, მაგალითად ინვენტარით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა მასში მონაწილეობა მხოლოდ კომერციულ საფუტკრეებს შეუძლიათ. ამიტომ აუცილებელია მოყვარულთა მხარდაჭერაც და მათი საქმიანობისთვის ნელ-ნელა ბიზნესის სახის მიცემა“,- აღნიშნა ალეკო პაპავამ.
მან ყურადღება გაამახვილა თაფლოვანი მცენარეების გაშენების საჭიროებაზეც და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და სახელმწიფოს მხარდაჭერა.
„გარდა ამისა, სამუშაოა იმაზე, რომ მოსახლეობამ იფიქროს უფრო რაციონალურად. იჩეხება აკაციის ხეები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად ვენახებში ბოძებად. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აკაციის ხეების გაშენება, მაგალითად ქარსაცავი ზოლების სახით და არა მარტო მისი, არამედ გვჭირდება სხვა თაფლოვანი მცენარეების გამრავლებაც.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შექიმნას თაფლოვანი მცენარეების მუდმივი კონვეირი, რათა ნექტრის მუდმივი შემოსავალი გვქონდეს და შესაბამისად, თვითღირებულებაც დაიწევს“,- განმარტა ალეკო პაპავამ.
წყარო: bpn.ge