ფსბ-მ სანქტ-პეტერბურგში დააკავა “ტროლების ფაბრიკის” ხელმძღვანელი

სანქტ-პეტერბურგში ფსბ-ს ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა მედიაჰოლდინგ „პატრიოტის“ ყოფილი მაღალი რანგის მენეჯერი ილია გორბუნოვი, რომელსაც მედიაში უწოდებენ ევგენი პრიგოჟიონის მიერ დაარსებული „ტროლების ფაბრიკის“ ხელმძღვანელს. მას გამოძალვაში ედება ბრალი.
„ფონტანკის“ ინფორმაციით, გორბუნოვი და კიდევ ერთი დაკავებული, გამოცემა Konkretno.ru-ს მთავარი რედაქტორი კირილ მეტელევი, ეჭვმიტანილი არიან სანქტ-პეტერბურგის ტელეარხის ყოფილი გენერალური დირექტორის, ალექსანდრ მალკევიჩისგან ფულის გამოძალვაში. ამჟამად მას უკავია ახალ რეგიონებში მუშაობის საკითხებში სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის მრჩევლის პოსტი.
არხი Brief-ი მედიაჯგუფ „პატრიოტთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯგუფის თანამშრომლები მალკევიჩისგან „წინა პროექტებისთვის ფულის გადახდას“ ითხოვდნენ. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ დადასტურებულა.
დაკავება მოხდა პრიგოჟინის და მისი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადატრიალების მცდელობის წლისთავზე. ვარაუდობენ, რომ გორბუნოვი იყო პასუხისმგებელი პრიგოჟინის მომხრეთა მოსკოვში ლაშქრობის გაშუქებისთვის. „ვაგნერის“ ანონიმური ტელეგრამის არხი OGPU წერს, რომ ფსბ-ს თანამშრომლებმა დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც კავშირი აქვთ პრიგოჟინის მედიარესურსებთან. ამის დამადასტურებელი ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება.

ასევე დაგაინტერესებთ