„უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას“

მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში საგრანტო პროგრამებს აანონსებს. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების სამინისტროს, „მღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში“ ვკითხულობთ, „ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სახელმწიფო გამოიყენებს მაღალმთიან დასახლებებზე მორგებულ საგრანტო პროგრამას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალმთიანი დასახლებების სამიზნე ტერიტორიების და ბენეფიციართა ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია”.
სტრატეგიის მიხედვით, საგრანტო პროგრამაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტების შესარჩევად უპირატესობის მინიჭება ახალგაზრდების და ისეთ მოწყვლად მაღალმთიან მუნიციპალიტეტების, რომელშიც მოსახლეობის კლება და შობადობის დაბალი კოეფიციენტია, 1 000 მოსახლეზე ბიზნეს სუბიექტების მცირე რაოდენობაა, აგრეთვე, მცირეა დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროებისა და ვიზიტორების ნაკლებობაა.
„მცირერიცხოვან, დაცლის პირას მყოფ მაღალმთიან დასახლებაში ბენეფიციარებს შეეძლებათ განახორციელონ არა მხოლოდ მკაცრად კომერციული ბიზნეს-საქმიანობა, არამედ კომერციულთან ერთად სოციალური მნიშვნელობის, ინოვაციური ინიციატივებიც. მთაში სოციალური ინოვაციები სასარგებლოა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თემის გაძლიერებისთვის. ასეთი პროექტები მორგებული იქნება თანამედროვე ცხოვრების სტილთან, გაითვალისწინებს რა მთასა და ბარს შორის ცხოვრებისა და საქმიანობის შერეული ფორმების არსებობას და გამოიყენებს ასეთ რთულ პირობებში ბენეფიციარების ცხოვრებისა და მუშაობისათვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებისადმი უფრო ჰოლისტიკურ მიდგომას“,- ნათქვამია სტატეგიაში.
დოკუმენტის მიხედვით, ასეთ ადგილებში გარკვეული უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს.
„დაფინანსებული პროექტების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები და დასაქმებული ახალგაზრდები მასტიმულირებელ როლს შეასრულებენ ამ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სხვა ახალგაზრდების მისაზიდად, გაზრდის ინტერესს იქ ცხოვრებისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის“,- ვკითხულობთ სტრატეგიაში.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ