უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს

ხარკოვის ოლქში ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შექმნან პლაცდარმი შემდგომი შეტევისთვის და მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შემადგენლობაში მყოფი „სტუგნას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, დიმიტრიმ, ფსევდონიმით „ლინუქსმა“ LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს ასევე აუმჯობესებს ლოგისტიკას და აადვილებს დავალებების შესრულებას.
მეთაურის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებმა განახორციელეს სადაზვერვო მოქმედებები და ქარხნის ტერიტორიაზე შევიდნენ. მისივე განმარტებით, თავად გეგმა და ტერიტორიის გასუფთავების დაწყება სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა. წარმატების მიღწევა მოხერხდა, რადგან რუსებმა ვერ დააფიქსირეს უკრაინის დამცველების ძირითადი ძალების მობილიზება და მიახლოება. მეთაურის თქმით, მებრძოლები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს, იმყოფებოდნენ უკიდურესად მძიმე პირობებში შეზღუდული რესურსებით.
ქვედანაყოფის მეთაურის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის მთელ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი სირთულის ობიექტის ასეთ მოკლე დროში აღების მსგავსი შემთხვევები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო არტილერიის შეზღუდული გამოყენება, ლოგისტიკური სირთულეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს იმ შენობების მოშლა, რომლებშიც მოწინააღმდეგეები იყვნენ განთავსებული.
შეგახსენებთ, 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის ტერიტორია მთლიანად გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს