სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა

22 ივნისს საღამოს ლაგოდეხი და რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და დააზიანა ვენახები, ბოსტნეული და ხეხილის ბაღები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავალი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
“სტიქიის შედეგები ხვალ უფრო კარგად გამოჩნდება. ახლა რაც ვნახეთ, საიმედო არაფერია. ხეებს ხილი რაც ესხა სულ დაბლა ყრია, დამტვრეულია ტოტები. ვენახებში დილით წავალთ და ვნახავთ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ- ერთმა ლაგოდეხელმა.
უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო რამდენიმე საათია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.
12 ივნისს თელავი და მისი რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სეტყვამ და წვიმებმა კახეთის სხვა რაიონებიც დააზარალა. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობის და ბუნებრივი აირის მილები.

ასევე დაგაინტერესებთ