საქართველოს ხელოვანების ღია წერილი სიზაკს

ჩვენ, ქართველი ხელოვანები, წლების განმავლობაში, ვებრძოდით იმ უსამართლობას, რომელიც GCA-ში გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა. მას შემდეგ რაც აუდიტის დასკვნამ, ნათელი მოჰფინა ამ ასოციაციის მიერ ავტორთა დიდი რაოდენობით ჰონორარების გაფლანგვას და თანხების მითვისებას, ჩვენ ღიად დავუპირისპირდით ამ უსამართლობას (ლინკი). უამრავ კითხვაზე პასუხების სანაცვლოდ, ვიღებდით გიგა კობალაძის მიერ უკმაყოფილო წევრების ასოციაციიდან გარიცხვას. დარჩენილი წევრები კი ვერ ვახერხებდით კრების მოწვევასა და ახალი მენეჯმენტის დამტკიცებას, რადგან ამისათვის საჭირო იყო გიგა კობალაძის ხელმოწერა. შესაბამისად, ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადარჩევა. ამიტომ, იძულებულები გავხდით, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეგვექმნა ახალი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და GCA-ს, GNRA-სა და GERA-ს წევრები ერთ პლატფორაზე გავერთიანებულიყავით. ბმული
ამასთანავე, პროკურატურას მოვუწოდეთ აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად დასრულდეს, გიგა კობალაძის მიერ, ავტორთა ძარცვა და სამომავლოდაც არავის არ გაუჩნდეს ასეთი ცდუნება. 2023 წლის 29 ივნისს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.” ახლახანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა GCA-ში გიგა კობალაძის მენეჯმენტით. ამოიღო სრული ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ. Ჩვენ მოუთმენლად ველით სამართლებრივ რეაგირებას. ბმული
გიგა კობალაძე თავისი უსამართლო ქმედებების გადაფარვის მიზნით, ავრცელებს დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჩვენი ( GCA-ს, GNRA-სა და GERA-ს წევრების) ახლადდაარსებული ასოციაციის (IPOA)-ს მიმართ. ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარეა რუსეთთან კავშირის დაბრალება, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია ს მიერ. ამ აბსურდული და უკვე გაცვეთილი ბრალდებით, გიგა კობალაძე ცდილობს თვითგადარჩენასა და GCA-ში არსებული დარღვევების გადაფარვას. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ შეურაცხყოფის მოთმენას, არაერთხელ გავავრცელეთ წერილი, რომელშიც მოვუწოდეთ გიგა კობალაძეს, შეეწყვიტა მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება. ბმული
გვსურს, განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვართ ის GCA-ს წევრები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ვიტანდით შეურაცხყოფას, უპატივცემულობას, თვეობით ვერ ვიღებდით ჩვენს კუთვნილ ჰონორარებს, რაც გვიჩენდა იმის შეგრძნებას, რომ ეს ასოციაცია იყო გიგა კობალაძის საკუთრება და არა ჩვენი საავტორო უფლებების დამცავი ასოციაცია. Ჩვენი ჰონორარების უმეტესი ნაწილი ხმარდებოდა გიგა კობალაძის კეთილდღეობას, რაც საბოლოოდ აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ გაცხადებული 20%-ის მაგივრად, 40%-დან 47%-მდე იყენებდა ადმინისტრაციულ ხარჯებში (იფინანსებდა სწავლას, ყიდულობა უძრავ/მოძრავ ქონებას). ასევე 20-27%-მდე ყოველწლიურად სესხულობდა ასოციაციისგან, რასაც აუდიტის დასკვნამდე მალავდა და შესაბამისად, ამას ჩვენთან შეუთანხმებლად აკეთებდა. (აუდიტის დასკვნა)
თქვენ, როგორც საერთაშორისო ასოციაცია, ნაცვლად იმისა, რომ მიესალმებოდეთ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე ჯანსაღ ცვლილებებს, მხარს უჭერდეთ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, USAID-ისა და CLDP-ის ჩართულობით მიღებულ კანონს, ითვილისწინებდეთ ჩვენი, საქართველის ხელოვანების (GCA-ს, GNRA-სა და GERA-ს) არჩევანსა და საქპატენტის მიერ გამჭირვალედ ჩატარებული კონკორსის შედეგებს – ცდილობთ, გაამართლოთ ჩვენი საავტორო უფლებების შემლახავი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე. ვფიქრობთ, თქვენთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ გიგა კობალაძე კუთვნილ ჰონორარებს პარავდა არა მხოლოდ ქართველ, არამედ საერთაშორისო არტისტებს. შესაბამისად, მისი გამართლება ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია.
სამწუხაროა, რომ თქვენი მხრიდან უკვე მეორედ ვისმენთ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესის არასწორ ანალიზსს. ჯერ კიდევ 2023 წელს კულტურის კომიტეტს სთხოვდით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების გაუქმებას. მაშინ როცა მოცემული კანონის ცვლილებას ქართველი ხელოვანები ათეული წელია ველოდით.
ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია ცალმხრივი ინფორმაციის მოსმენით, რომელიც მხოლოდ გიგა კობალაძის მხრიდანაა მოწოდებული. ვთვლით, რომ მსგავსი არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება აზიანებს ავტორთა უფლებებს და ხელს უშლის პროცესების სამართლიანად წარმართვას, ამან შესაძლოა როგორც დიდი მატერიალური ისე, მორალური ზიანი მოგვაყენოს. ამ ყველაფერს კი, გიგა კობალაძე სწორედ იმისთვის იყენებს, რომ გადაფაროს მისი ბრალეულობა.
გვსურს გაითვალისწინოთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ GCA-ის ის წევრები, რომლებსაც წლების განმავლობაში გიგა კობალაძე გვქურდავდა და ჩვენს საავტორო უფლებებს არღვევდა. ეს ჩვენ წარმოვადგენდით GCA-ს და არა გიგა კობალაძე. ჩვენს შემოქმედებას სჭირდება დაცვა და არა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ითვისებდა ჩვენს ჰონორარებს.
ჩვენ 2000-ზე მეტი საქართველოს ხელოვანი, რაც საქართველოს ხელოვანთა 95%-ს წარმოადგენს, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ყველა თქვენს კითხვას გავცეთ პასუხი და ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა ნათლად დაგანახოთ ის რეალური სურათი, რაც ამ დროისთვის საქართველოში საავტორო უფლებების სფეროშია.
გვსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორით, რომ GCA, GNRA და GERA-ის ხელოვანები დღეს ახალ პლატფორმაზე, ასოციაცია IPOA-ში ვართ გაერთიანებულები. თქვენი მხრიდან, საქართველოში, კანონით დადგენილი წესით, ერთადერთი აკრედიტირებული ორგანიზაციის დისკრედიტაცია, ქმნის რისკს, რომ ერთის მხრივ შეფერხდეს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ჰონორარების შეგროვება, მეორე მხრივ საფრთხე შეექმნას უცხოელი ავტორ-შემსრულებლების უფლებების დაცვას საქართველოში, რაც გამოიწვევს დიდ მატერიალურ ზარალს. იმედი გვაქვს აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას ამ კუთხით.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ