„საპროექტო არეალში, გრძელდება მიწის მოწყობის სამუშაოები“ – როგორია Yuksel Proje-ის ბათუმის კუნძულის პროექტი?

ბათუმში, კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც კომპანია „ამბასადორი აილენდში“ აცხადებენ, ამ დროისთვის ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, საპროექტო არეალში, გრძელდება მიწის მოწყობის სამუშაოები.
კომპანიის ინფორმაციით, კუნძულის დაპროექტება თურქეთში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიის Yuksel Proje-ის მიერ განხორციელდა. განაშენიანების გეგმა კი ბრიტანულმა Aroup Group-მა შეიმუშავა.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირა სივრცეში „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
84 ჰა-დან სადეველოპმენტო ხაზს მოიცავს 51%-ს, ხოლო 49% მოდის სარეკრეაციო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რომელიც იქნება საჯარო წვდომის. განაშენიანებული 51%-დან დიდი წილი დაეთმობა სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებს.
„ამბასადორი ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ბოლო ოფიციალური აუდიტის ანგარიშების მიხედვით პროექტის მიმდინარე საერთო ჯამური ხარჯი 20 755 174 ლარია. კუნძული დასრულების ვადად 2028 წელი განიხილება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის ზაფხულში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. იმ დროისთვის კომპანიაში განმარტავდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია მარტივად შესასრულებელი იყო და კომპანია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის დამატებითი დოკუმენტაციის გადაცემისთვის მზად იყო და ის რამდენიმე დღეში წარუდგინა.
„ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია. ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობის განმახორციელებელი „ამბასადორი ბათუმი აილენდია“, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს, მისი 100%-იანი წილი ბიზნესმენ ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ