საპენსიო დანაზოგების დინამიკურმა პორტფელმა 24,10% მოგება აჩვენა – გოგა მელიქიძე

„დინამიკურ პორტფელში აქციების წილი არის 55-60% და იგი ყველაზე კარგ ზრდას აჩვენებს, დანარჩენ ორ – კონსერვატიულ და დაბალანსებულ საინვესტიციო პორტფელებთან შედარებით“ – ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.
„აქციები არის საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად ამარცხებს ინფლაციას და ასევე ყველაზე კარგ მოგებას მოიტანს, როგორც საინვესტიციო აქტივის კლასი. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება იყოს გარკვეული წლები, როცა აქციების ბაზარი მნიშვნელოვნად კარგავს ღირებულებას, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მას მაღალი უკუგება აქვს. ამის მაგალითია 2022 წელი, როცა ჩავარდნა დაფიქსირდა, მაგრამ 2023 წელი შედარებით კარგი წელი იყო. ვნახავთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით 2024 წელი, თუმცა ბოლო თვეები ამ მხრივ აშკარად დადებითია. დინამიკურ პორტფელში აქციების წილმა 55-60% შეადგინა. ოდნავ ნაკლები ზრდით მას დაბალანსებული პორტფელი მოჰყვება ანუ დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა ნომინალურად 6,4% და რეალური ზრდა 4,1% იყო. დაბალანსებულ პორტფელში ეს მაჩვენებელი ოდნავ დაბალია. შედარებით ნაკლებია კონსერვატიულ პორტფელში, სადაც აქციების წილი 20%-ია, დანარჩენი – დეპოზიტები და სახაზინოებია. ამდენად, დინამიკური პორტფელი ყველაზე მოგებიანია, რადგან მასში 60% აქციებია, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა კარგი თვეები და ეს აისახა მოგებაზე“, – განმარტა გოგა მელიქიძემ.
რაც შეეხება მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს საპენსიო პორტფელებთან დაკავშირებით, როგორც მელიქიძემ გადაცემის მსვლელობისას განმარტა, ეს დიდწილად ფინანსური განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით კი საპენსიო სააგენტო აქტიური კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან, რომ პორტფელების მახასიათებლების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ.
„ჩვენი ამოცანაა, კომუნიკაცია მომხმარებელთან, რათა ავუხსნათ პორტფელებთან დაკავშირებული რისკები, როგორ ვზომავთ ამ მაჩვენებლებს და რა არის მისი პოტენციური უკუგება და ამონაგები. სამი პორტფელის შეთავაზების გადაწყვეტილება იყო სწორი, ეს კანონში იდო დასაწყისიდანვე, რომ 2023 წლის 6 აგვისტოს მომხდარიყო სხვადასხვა რისკის სამი პორტფელის შეთავაზება. კონსერვატიული პორტფელის რისკის მონაწილე, თუ აქვს ხანგრძლივი საინვესტიციო პერიოდი, სასურველია სწორად დაკვალიფიცირდეს, რომ მეტი რისკის აღება შეძლოს და დანაზოგი აწარმოოს აქციებში.
საპენსიო სქემაში მონაწილის რისკები მაქსიმალურად არის დაცული. კანონში იგი თავიდან ბოლომდეა გაწერილი. მომხმარებლის ინტერესების დაცვას და კანონის სწორ აღსრულებას რეგულაციას უწევს ეროვნული ბანკი. მეორე მთავარი დაცვა საოპერაციო მდგრადობა, რაც საინვესტიციო უზრუნველყოფას გულისხმობს. საინვესტიციო ინფრასტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ჩვენ გვყავს გარე დეპოზიტები ანუ დეპოზიტარის გარეშე ხდება ანგარიშსწორება, რომ ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს. რაც შეეხება კვალიფიციურ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, აქ უკვე შემოდის დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს და საინვესტიციო სამსახურის ხარისხი.
როცა მონაწილეს პირად დანაზოგში აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდი, სასურველია მაქსიმალურად ამუშაოს იგი საკუთარ კეთილდღეობაზე, ამის საუკეთესო საშუალებაა აქციები, ბოლო 150 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, აქციებმა სადღაც 100 000 %-ით აჯობეს ყველა საინვესტიციო აქტივის კლასს, მთავარია, ამის გჯეროდეს“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ გადაცემა ‘’ბიზნესპარტნიორში“.
შეგახსენებთ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილეთა რაოდენობა 1,489 მლნ ადამიანია, საპენსიო დანაზოგები კი აგვისტოდან განთავსებულია კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში, საიდანაც ამონაგებმა 31 იანვრის ჩათვლით 3,32% (კონსერვატიული), 3,93% (დაბალანსებული) და 24,10% (დინამიკური) შეადგინა.
კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ სურვილის მიხედვით, ფონდის ბენეფიციარმა დანაზოგი სხვა პორტფელში გადაიტანოს ან პორტფელების კომბინაცია შექმნას.
წყარო: bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ