საოკუპაციო ხაზთან მდებარე საწარმო „ფრუტერა“ გერმანიასა და კანადაში ექსპორტისთვის ემზადება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე საწარმო „ფრუტერა“ 2022 წელს გამოჩნდა ბაზარზე და დღეს უკვე 20-ზე მეტი სახეობის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი ამბობს, მომავალ წელს წარმოებას 2-ჯერ გაზრდიან, ჩირისა და ტყლაპის სატესტო ვერსიები უკვე გაგზავნილი აქვთ გერმანიაში და კანადაში და ექსპორტისთვისაც ემზადებიან. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია კი 350 000 ლარამდეა.
„კომერსანტი“ დავით გელუტაშვილს „ფრუტერას“ საწარმოს შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის გაიხსნა საწარმო და რა ინვესტიციით?
დავით გელუტაშვილს „ფრუტერას“ დამფუძნებელი: საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დირბში, 2020 წელს საწარმოს შექმნა პირადი ინვესტიციით დავიწყე. შემდეგ 2021 წელს „აწარმოე საქართველოში“ მოგვცა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის 26 00 ლარიანი დაფინანსება, ამას გარდა USAID-ის პროექტი იყო „ზრდა“ და ამ პროექტის ფარგლებში 12 300 ლარიანი საშრობი მივიღე და 2023 წელს ასევე USAID „ძლიერო სოფლის“ პროგრამის ფარგლებში მივიღე მზის პანელები. ჯამში საწარმოში 350 000 ლარიანი ინვესტიციაა ჩადებული.
როგორია „ფრუტერას“ ასორტიმენტი, რას აწარმოებთ და როგორია ფასები?
ამ ეტაპზე 20-ზე მეტი დასახლების ჩირს და ტყლაპს ვაწარმოებთ, 10 სახის ჩირი გვაქვს და 12 სახის ტყლაპი. ნატურალურ პროდუქტს რაც შეეხება, ფასები საშუალოა. ყველაზე ძვირი შინდის და ღოღნოშოს ტყლაპებია – 1 კგ 35 ლარის ფარგლებში ღირს. ჩირებს რაც შეეხება, წინა სეზონზე ვაშლის მოსავალი მცირე იყო და ვაშლის ჩირი ღირს 1 კგ 20 ლარი, ქლიავი – 18 ლარი. ზოგადად, ყველაზე ძვირი მსხლის ჩირია. მომავალ წელს გვექნება, 30 ლარამდე ეღირება.
ბაზარზე ჩირებისა და ტყლაპების მხრივ კონკურენტული გარემოა. რა არის „ფრუტერას“ მთავარი უპირატესობა?
ყველა ჩვენი პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალურია და არ შეიცავს დანამატებს, გემოს გასაუმჯობესებელ ემულგატორებს, არომატიზატორებს, ფერებს, დამატებით შაქარს და არ ვიყენებთ კონსერვანტებს, პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. ეს მთავარი უპირატესობაა.
კონკურენტები ხშირად იყენებენ ლიმონმჟავას ტყემლის ტყლაპისთვის. ჩირებს რაც შეეხება, ხშირად ხილს ნაკლებად აშრობენ, რომ წონაში მეტი იყო. რადგან ნაკლებად გამომშრალია, უჭირს შენახვა და მერე უმატებენ კონსერვანტებს. ჩვენი ჩირები 6-ჯერ არის შემცირებული წონაში და 1 კგ ჩირის მისაღებად მინიმუმ 6 კგ ხილია საჭირო. კონკურენტებთან 1 კილოზე დაახლოებით 4 კგ ხილია საჭიროა.
საიდან მოგაქვთ ნედლეული?
წინა საწარმოო სეზონზე დაახლოებით 20% ჩვენივე ბაღებში მოყვანილი ხილი გამოვიყენეთ, დანარჩენი 80% მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან შევიძინეთ. ახალ სეზონზე ვაპირებთ, წარმადობა მინიმუმ 2-ჯერ გავზარდოთ და უფრო მეტი ნედლეულის შეძენა მოგვიწევს მოსახლეობისგან.
გასულ წელს რამდენი იყო წარმოება?

წლიური წარმოება 2023 4 ტონამდე პროდუქტი იყო, ამ ციფრს. 2022-ში – 1.5 ტონამდე. 2024 წელს 2-ჯერ გავზრდით
სად იყიდება თქვენი პროდუქცია?

რეალიზაციას რაც შეეხება, ყველაზე დიდი, 60%, მოდის ონლაინ გაყიდვებზე ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის საშუალებით, ამას გარდა „ფრუტერას“ ჩირები და ტყლაპები იყიდება დიდ და პატარა სუპერმარკეტებში.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
გავაუმჯობესეთ შეფუთვები. 1 თვეში შევძლებთ ახალ შეფუთვაში გამოვუშვათ პროდუქტი. ამას გარდა, გვინდა, რომ პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე. სატესტო ვერსიები უკვე გაგზავნილი გვაქვს კანადასა და გერმანიაში.