საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე 122 ორგანიზაციის სახელით ხსნის რა შედეგებს მოიტანს რუსული კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე 4 საჩივარს განიხილავს, მათ შორის 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის სარჩელიცაა, რომელსაც სასამართლოში IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური და ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაზე წარმოადგენენ.
ქეთევან ერემაძის შესავალ სიტყვას „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს! მივესალმები საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს! მიველსამები მედიის წარმომადგენლებს!
მივესალმები დამსწრე საზოგადოებას!
ჩემთვის დიდი პატივი და განუზომელი პასუხისმგებლობაა, კვლავ ვიმყოფებოდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმც კი უჩვეულო როლით, მაგრამ იდენტური მიზნით — დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და მასში განმტკიცებული ადამიანის უფლებები. ამ საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგომა განუზომლად მეტია, ვიდრე 122 მარწმუნებლის ინტერესთა დაცვა და იმაზე მეტიც — ვიდრე მხოლოდ ერთი კანონის კონსტიტუციურობის შეფასება.
ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ყველა საქმე მნიშვნელოვანია. თითოეული მათგანი ეხება ადამიანის უფლებების ან/და ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებების დაცვას. თუმცა, საქმე, რომელსაც სასამართლო დღეს იხილავს, აბსოლუტურად განსხვავებულია სადავო კანონთან დაკავშირებული საფრთხეების მასშტაბისა და სერიოზულობის გამო. არსებობის 28 წლის მანძილზე, სასამართლოს ასეთი სიმწვავის და ქვეყნისთვის კრიტიკული, გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე ჯერ არ განუხილავს.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქმეს, რომელიც შეეხება იმ ხალხსა და სახელმწიფოს, რომელიც მორიგ ჯერზე, ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე აღმოჩნდა. ჩვენი ერისა და სახელმწიფოს იდენტობა, მისი ისტორია, ტრადიციები, სამართალი თუ დემოკრატია (თუნდაც მყიფე და არასრულყოფილი) ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა — ამ საფრთხეს, მეტწილად, სწორედ სადავო კანონი განაპირობებს. ეს კანონი დიდი რუსული კედელია საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტი არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რომელიმე ინტერესს. მეტიც, იგი, სამართლის ბუტაფორიის საფარქვეშ, შეუქცევადად ესწრაფვის დაჰყოს, დახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება. მისი რეალური მიზანია, ძალაუფლების მქონეთათვის მიუღებელ მოქალაქეთა ჯგუფებისგან არარსებული მტრის ხატის გამოძერწვა, მათთვის მოღალატის, ჯაშუშის, აგენტის, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყის მიწებება, მათი სოციუმში ამგვარი მონიშვნა, ხოლო შემდეგ — განადგურება.
წარმოდგენილი სარჩელით ვესწრაფვით, თავიდან ავიცილოთ ამ შეუქცევადად მძიმე სურათის რეალობად ქცევა. ჩვენი სარჩელის უპირველესი მიზანი კი, გასაჩივრებული კანონის (რომელსაც ქართველმა ხალხმა სავსებით მართებულად „რუსული კანონი” უწოდა) არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.
შესავალი სიტყვით კი ვეცდებით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ჩამოვაყალიბოთ პასუხად ოთხ ფუნდამენტურ შეკითხვაზე:
1. რას ვიცავთ?
2. ვის ვიცავთ?
3. რისგან ვიცავთ?
4. როგორ ვიცავთ?
წარმოდგენილი სარჩელით, ჩვენ ვიცავთ ქართული საზოგადოების 145 წლიან უწყვეტ ტრადიციას მის კონსტიტუციურ-სამართლებრივ (უფლებრივ) განზომილებაში. შეგახსენებთ, რომ 1879 წლის 31 მარტს, შეიქმნა პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. იგი შეიქმნა ბატონყმობის გადავარდნის საპასუხოდ და იმ მიზნით, რომ „ხალხში განათლების მოფენა” მომხდარიყო, თან არა ბიუროკრატიისა და სახელმწიფოს მეშვეობით, არამედ თავად საზოგადოების გამოისობით. ნიშანდობლივია, რომ დაახლოებით ამავე პერიოდში შეიქმნა თავისუფალი ქართული ბეჭდური მედიაც, რომელმაც საზოგადოებას საშუალებას მისცა, მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე აზრი გამოეთქვა, ემსჯელა, ეკამათა და შემდგომ — საკუთარივე ინტერესების დასაცავად ემოქმედა.
ქართულ საზოგადოებაში გაერთიანების თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის არსებობის ტრადიციის ჩამოყალიბება შემთხვევით არ მომხდარა. თავის მხრივ, იგი მჭიდროდ უკავშირდება ქართველი ხალხის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს. სწორედ დასავლური (ევროპული) ცივილიზაციური ტრადიციისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანს, როგორც სოციალურ (Zoon Politikon) არსებას, შესაძლებლობა ჰქონდეს, პიროვნული თავისუფლების რეალიზაცია სოციალური ურთიერთობების შექმნისა და განვითარების მეშვეობით მოახდინოს. პრინციპში, არამხოლოდ ადამიანის თავისუფლების რეალიზების ასპექტი, არამედ საკუთრივ თავისუფლების შინაარსის განმაპირობებელი, მისი მთავარი წყარო ის სოციალური კავშირებია, რომლის შიგნითაც, ადამიანს საკუთარი ცხოვრების საკუთარივე გადაწყვეტილებით წარმართვის შესაძლებლობა ეძლევა.
შესაბამისად, ადამიანის სასიცოცხლო ინტერესშია, თავი მიაკუთვნოს ამა თუ იმ სოციალურ ერთობას (მათ შორის სახელმწიფოც ამგვარი ერთობაა) და მის ფარგლებში რეალიზდეს. თავის მხრივ, ჩვენი (დასავლური) ცივილიზაციური ტრადიციისთვის, თავისუფალი საზოგადოება არ არის იზოლირებულ ინდივიდთა მექანიკური ერთობლიობა. საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც შედგება ოჯახების, სამეგობროების, სამეზობლოების, თემებისა და სხვა ტიპის ნებაყოფლობითი გაერთიანებებისგან — იმ მცირე ერთეულებისგან, რომლებიც სამოქალაქო სიკეთეებს ქმნიან. ისინი ბადებენ, ავითარებენ და იცავენ ტრადიციებს და, რაც მთავარია, მოქმედებენ როგორც დამცავი ფარი, სახელმწიფოს ხელში მოქცეული ძალაუფლებისგან ცალკეული ინდივიდის ჩაგვრისგან დასაცავად. დემოკრატიულ საზოგადოებებში, სწორედ ამგვარი ნებაყოფლობითი გაერთიანებების არსებობა უზრუნველყოფს იმ სივრცეების შექმნას, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად შეიკრიბონ, გამოხატონ თავიანთი იდეები და ერთობლივად იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად.
აღნიშნულის საპირისპიროდ, სოციალურ გაერთიანებას სრულად მოწყვეტილი, მის მიღმა დარჩენილი, ატომიზებული, სახელმწიფოს მიერ ტოტალურ კონტროლქვეშ მოქცეული ცალკეული ადამიანის არსებობა სწორედაც რომ „მარტოსული, ღარიბი, საზიზღარი, უხეში და ხანმოკლეა”.
სადავო კანონის შემოღებით, საფრთხე ემუქრება სწორედ ამ ქართულ და ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის შედეგად ჩამოყალიბებულ ტრადიციას, რაც კონსტიტუციის შესაბამის უფლებებსა და ნორმა-პრინციპებშია ასახული.
სადავო კანონის აღსრულების პირობებში, შეუძლებელი გახდება, ხალხი დაეხმაროს ხალხს. აღნიშნულის
საილუსტრაციოდ, რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ:
მაგალითი N1: ქართველი ვეტერანები თუ დააფუძნებენ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ომის ვეტერანების დახმარებას, ხოლო შემოწირულობას მიიღებს საერთაშორისო მისიებში მონაწილე მეგობარი თანამებრძოლებისაგან, აღნიშნული ორგანიზაცია ჩაითვლება უცხოური ძალის ინტერესების გამტარად.
მაგალითი N2: საქართველოში მცხოვრები ბავშვების განათლების გასაუმჯობესებლად, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ან უცხო ქვეყნები შეიძენენ კომპიუტერებს, პლანშეტებს, სახელმძღვანელოებს და სხვა სასწავლო მასალას, აღნიშნული დახმარებაც ჩაითვლება უცხო ქვეყნის გავლენის გატარებად.
მაგალითი N3: საქართველოში მცხოვრები სამი ადამიანი თუ გადაწყვეტს, დააფუძნოს ორგანიზაცია ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ხოლო ამ ორგანიზაციას უფასოდ დაეხმარება რომელიმე ცნობილი იტალიელი ექსპერტი, მისი დახმარება მიიჩნევა შემოწირულობად, ხოლო ორგანიზაცია შესაძლოა უცხოური ძალის ინტერესების გამტარად გამოცხადდეს.“
ვფიქრობთ, მოცემული მაგალითები ცხადყოფს, რომ სადავო კანონის აღსრულება უპირობოდ და შეუქცევადად გამოიწვევს ინდივიდთა სოციალური ცხოვრებისგან გარიყვას. მეტიც, საერთო საქმეთა საკეთებლად, საქართველოში აღარ ჩამოაყალიბებენ ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ანუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ შექმნიან თავისუფალ მედია ორგანიზაციებს, ესე იგი ვერ განხორციელდება ქართველი ხალხის დასახმარებელი პროექტები და საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მოცემული სარჩელი მიზნად ისახავს, დაიცვას ქართული არასამთავრო და მედია ორგანიზაციები, რომელთა განადგურებასაც სადავო კანონი ლამობს. სარჩელში მითითებული 122 მოსარჩელე, რომელიც ცალ-ცალკე და ერთობლივად, უფლებამოსილია, ამ საკითხზე იდავოს. კერძოდ, მოსარჩელეთა შორის არიან: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები; მაუწყებლები; ბეჭდური მედია და ონლაინ მედია.
მოსარჩელეთა ნაწილი აკმაყოფილებს სადავო კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემოსავლის კრიტერიუმს, მათ შორის 2023 წლის მდგომარეობით. მოსარჩელეთა ნაწილი, ამ კრიტერიუმს 2024 წლის მდგომარეობით დააკმაყოფილებს. თუმცა, ამ ეტაპისთვის, რომელიმე მათგანს უცხოური დაფინანსება რომც არ ჰქონდეს, არაფერი გამორიცხავს იმას, ისინი ასეთი საჭიროების წინაშე განჭვრეტად მომავალში დადგნენ, ვინაიდან უცხოური ან საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მოპოვება მათი კონსტიტუციური უფლების თავისთავადი, ორგანული, მყარი უფლებრივი კომპონენტია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ტიპის ორგანიზაციათა ქმედითობისთვის, მათი მიზნების ეფექტური რეალიზაციისა და დამოუკიდებლობისთვის.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ორგანიზაციები სრულად ფარავენ სადავო კანონით გათვალისწინებული „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ სპექტრს. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ისინი უფლებამოსილნი არიან, იდავონ შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
როდესაც ვსაუბრობთ რას და ვის ვიცავთ, აუცილებელია მივუთითოთ, ეს კანონი, დამატებით, დარტყმის ქვეშ რა სიკეთეებს აყენებს: გარდა მთავარი სამიზნე ჯგფებისა, ამ კანონის ჰყავს პოტენციურად ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი მსხვერპლი, რომლებიც, ცხადია, არ არიან ჩემს მარწმუნებლებს შორის. დღეს უშუალოდ მათ ინტერესებს არ ვიცავთ, მაგრამ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანონიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბის სრულად აღსაქმელად. ის გაზვიადების გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეხება ან/და განჭვრეტად მომავალში შეეხება ყველას, მათ შორის, ამ კანონის მიმღებთაც და მათაც,
ვინც მას დღემდე გულშემატკივრობს, შეგეხებათ თქვენც — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სადავო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მხოლოდ გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით ვითხოვთ, ვთვლით, რომ იგი არაერთ სხვა უფლებასაც არღვევს, როგორიცაა: ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება და სხვ.
ასევე, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ღირებულებათა სისტემას, ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა: დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. იგი ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლსაც, რომელიც მთლიანად კონსტიტუციის სულისკვეთებას და მისი მიზნობრივი ქმედითობის შესაძლებლობას კვებავს. ჩვენ არ/ვერ ვდაობთ ამ მუხლთან მიმართებით, რადგან არ ვართ უფლებამოსილი სუბიექტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, საკონსტიტუციო სასამართლო და თითოეული თქვენთაგანი აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევის წინაშეა.
მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, კონსტიტუციური მანდატიდან გამომდინარე, ბუნებრივი მდგომარეობაა პოლიტიკასთან ახლოს მისვლა, პოლიტიკისა და სამართლის მიჯნაზე სიარული. ამასთან, იგი ხელისუფლების ბუნებრივი ოპონენტია. ამიტომ, აბსოლუტურად ყველა საქმე რომელსაც იხილავს, მისი დამოუკიდებლობის შეფასების ტესტია. თუმცა, არის საქმეები, რომელთა განსაკუთრებული რეზონანსულობისა თუ მათდამი მაღალი სოციალურ-პოლიტიკური მგრძნობელობის გამო, სასამართლოს ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის და მისი დამაჯერებელი, უპირობო დემონსტრირებისთვის.
ამის განხორციელება იოლი როდია, განსაკუთრებით „მოწყვლად“ დემოკრატიაში, (როგორსაც საქართველოც მიეკუთვნება), სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს სასამართლოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ერთმანეთისგან განზიდვის ბუნებრივი ინსტიქტი. სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლების შტოები ვერ გამოდიან სპირალიდან, სადაც ისინი ეძებენ და პოულობენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, „თანამშრომლობენ“ სამართლის და სამართლიანობის საზიანოდ.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად გვწამს, რომ მოსამართლისთვის საკუთარი დამოუკიდებლობის ჯერ დაჯერება და შემდეგ მისი უპირობოდ დაცვა, შეუძლებელი არ არის.
ამ სასამართლოს ისტორიაში, დღეს, როგორც არასდროს, თქვენ, ყველა თაობის მოსამართლისგან განსხვავებით, გაქვთ უდიდესი პატივი, ისტორიული, უნიკალური შესაძლებლობა და რაც მთავარია, კონსტიტუციური ვალდებულება, გადაარჩინოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და მაშასადამე, შეუნარჩუნოთ მას თვითმყოფადობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ზოგადად, შესაძლოა, ადამიანებს იშვიათად მოგვეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყნისთვის დრამატულად მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტში მივიღოთ მისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებები, დავწეროთ საკუთარი ქვეყნის ხვალინდელი დღის უკეთესი ისტორია. ასეთი რამ არც ყოველდღიურობაა და არც ბევრის ხვედრი. დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ თქვენ — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გაქვთ.
დავის საგნისა და სუბიექტების ამომწურავი განსაზღვრის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ საფრთხეებზე, რაც სადავო კანონიდან გამომდინარეობს და რისგან დაცვასაც წინამდებარე სარჩელი ემსახურება.
პირველ რიგში, გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ გასაჩივრებული ნორმების მადისკრედიტირებელ ბუნებაზე, რომელიც, უპირველესად, სადავო კანონის ენობრივ დისკურსშია განფენილი. სწორედ აღნიშნული დისკურსი და მისი მიზანმიმართული ნეგატიური კონოტაცია იწვევს მოსარჩელეთა სტიგმატიზაციას, მათი სოციალური იდენტობის ნიველირებას, დანგრევასა და მოსპობას; მათდამი უნდობლობისა და მტრული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში, მათ მიერ დასახული იდეალისტური მიზნების მიღწევის გაფერმკრთალების ან სულაც შეუძლებლობის საწინდარია.
უფრო კონკრეტულად, ამგვარი ნეგატიური კონოტაციის მატარებელია შემდეგი ტერმინები და მათი მიზანმიმართულება: 1. „უცხოური” 2. „ძალა” 3. „გავლენა” 4. „ინტერესი” 5. „გამტარებელი” 6. „უცხოური ძალა” 7. „უცხოური ძალის ინტერესები” 8. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. მოცემული ტერმინები, ერთმანეთთან კომბინაციით, გარკვეულ შემთხვევებში, ქმნის უფლების მზღუდავ იმგვარ მოცემულობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს.
ამავდროულად, მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ზოგადად, დეფინიციის დამდგენი ნორმები არ შეიცავენ ნორმატიულ მოთხოვნებს და უფლების შეზღუდვის წყაროდ ვერ ჩაითვლებიან. თუმცა, იმავდროულად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა ნორმატიული აქტით შესაძლებელია მოხდეს ნორმატიული მოთხოვნის დაწესების გარეშეც. აღნიშნული შემთხვევების ამომწურავად ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი ნამდვილად არის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ტერმინოლოგიის გამოყენება — ამგვარ ტერმინთა მეშვეობით პირთა ჯგუფის იდენტიფიცირება (მონიშვნა).
მიგვაჩნია, რომ სადავო კანონის მე-2 მუხლის სათაური და ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცნებები/დეფინიციები ასეთი ბუნებისაა. მეტიც, ყველაზე მკაფიოდ სწორედ ისინი ასახავენ მთლიანად გასაჩივრებული კანონის სათქმელს, სულისკვეთებასა და მიზნობრიობას.
მიგვაჩნია, რომ ტერმინს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ აქვს მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია და არ ტოვებს სივრცეს კეთილშობილური/პოზიტიური შინაარსის ამოსაკითხად. მოცემული ტერმინის სიტყვასიტყვითი თუ ლოგიკური გააზრება, მისი შემოღების წინარეისტორია (ჩანაცვლდა ტერმინი „აგენტი“) და კანონპროექტის ინიციატორი თუ მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, ხაზს უსვამს აღნიშნული სტატუსის მკვეთრად ნეგატიურ დატვირთვას.
კერძოდ, აღნიშნული სტატუსის მატარებელი სუბიქტები აღიქმებიან „აგენტებად“, „ჯაშუშებად“, ეროვნული ინტერესებისა და ფასეულობების წინააღმდეგ მოქმედ პირებად. მიუხედავად იმისა, რომ წინა კანონპორექტისგან განსხვავებით, სადავო კანონი აღარ იყენებს ტერმინს „აგენტი”, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, თავისი შინაარსით, სხვა არაფერია, თუ არა ტერმინ „აგენტის“ დეფინიცია — მისი მკაფიო განმარტება.
ნიშანდობლივია, რომ წინა კანონპროექტზე მუშაობისას, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ, რომ „აგენტი ნიშნავს ინტერესების გამტარს“ (ი.).
გარდა ამისა, უდავოა, რომ როგორც ლინგვისტური, ასევე მიზნობრივი განმარტებით, „უცხო ძალის ინტერესების გატარება“ გულისხმობს მოქმედებას უცხო ძალის ბრძანებით, დავალებით, მითითებით, მისი კონტროლითა და მის წინაშე ანგარიშვალდებულებით. აღნიშნული თითქმის გამორიცხავს (ან სულ მცირე, არსებითად აუფერულებს/აზრს უკარგავს) მის ქვეშ მოაზრებული პირის/ორგანიზაციის დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმს, პირად შეხედულებებსა და ზოგადად, თავისუფალ პირთა ერთობის არსებობას სხვადასხვა იდეალისტური მიზნის მისაღწევად.
სიტყვათშეთანხმება „ინტერესების გამტარებელი”, უცხო ძალის ინტერესად/გავლენად ავტომატურად აკვალიფიცირებს ქართული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ საქმეს, არ ტოვებს არავითარ სივრცეს თავად ქართული ორგანიზაციის, როგორც დამოუკიდებელი,
ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, რომელიც ავტონომიურად, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოქმედებს. სხვაგვარად, სადავო ტერმინი გამორიცხავს მის ქვეშ მოაზრებული ორგანიზაციის საქმიანობის თავისუფლებას და მას ყოველთვის, ყველა ვითარებაში, ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელებისას, „უცხოურ” (მტრულ) გავლენას უკავშირებს.
ამასთან, „უცხო ძალის ინტერესების გატარება“ უპირობოდ გულისხმობს მოქმედებას მხოლოდ უცხო ძალის და არა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების თუ მოქალაქეთა ინტერესით. სიტყვათშეთანხმება „უცხოური ძალა“ მიუთითებს გავლენის/კონტროლის გარეგან წარმოშობას. ტერმინი „გავლენა“ კი, რომელიც სადავო კანონის სათაურშივე გვხვდება, დაქვემდებარებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის შინაარსის მქონეა.
თავის მხრივ, ტერმინი „ინტერესი“ გულისხმობს „მიზანს, მისწრაფებას, მოთხოვნილებას“. შესაბამისად, ნაგულისხმევია, რომ მოსარჩელეები და მათი მსგავსი ორგანიზაციები, მხოლოდ უცხო/გარე ძალის მისწრაფებებისა და მოთხოვნილებების შესრულებას ემსახურებიან. ამგვარი მიდგომა არსებითად აზიანებს მოსარჩელეთა სოციალურ იდენტობასა და საზოგადოებრივ იმიჯს, ვინაიდან, სადავო კანონის ლოგიკით, ქართულ არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციებს „შეცდომაში” შეჰყავთ საზოგადოება და რეალურად, არა იდეალური მიზნების განხორციელებასა და საკომუნიკაციო უფლებების რეალიზაციას, ცალკეული ბენეფიციარების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, არამედ ეროვნული ინტერესების საზიანოდ, მატერიალური სარგებლის მიღების მოტივით, „უცხოური ძალების“ (ნეგატიურ) გავლენას ატარებენ.
გარდა სადავო კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზირებელი, იმიჯის შემლახავი და სოციალური იდენტობის გამანადგურებელი ენობრივი დისკურსისა, აღსანიშნავია, რომ მისი ძალით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების საფუძველზე შექმნილი პირთა ნებისმიერი ერთობა ცხადდება უცხო ძალას დაქვემდებარებულად, მხოლოდ მიღებული დაფინანსების კონკრეტული პროპორციის გამო.
მაშასადამე, სადავო კანონის ლოგიკით, მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების ფაქტი თვითკმარია ქართული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” იდენტიფიცირებისთვის. უგულვებელყოფილია ყოველგვარი ინდივიდუალური და სკურპულოზური შემოწმება იმის დასადგენად, კონკრეტული ორგანიზაცია რეალურად მოქმედებს თუ არა „უცხო ძალის“ დავალებით, მითითებით, მის ინტერესებში და, რაც მთავარია — საკუთარი ქვეყნის საზიანოდ.
ამგვარი ნეგატიური წარმოჩენა და სტიგმატიზაცია მოსარჩელეთა მიმართ საზოგადოების უნდობლობას გამოიწვევს, დააზიანებს მათ რეპუტაციას, არსებითად გაართულებს მათი რეალური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას, რაც, საბოლოო ჯამში, მათ არსებობას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის. ზუსტად იმავეს მიუთითებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის შესაბამისი დასკვნებიც.
ასევე, მოსარჩელეთა უფლებები დასაცავია სადავო კანონის იმ დებულებებისგან, რომლებიც შეეხება: ა). მონიტორინგის კაბალურ და რეპრესიულ პროცედურას; ბ) სადავო კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის კოლოსალურ ჯარიმებს (25,000 ლარის ოდენობით); გ) კანონის ძალაში შესვლამდე განხორციელებულ საქმიანობას.
მიგვაჩნია, რომ თითოეული გასაჩივრებული ნორმა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლებისა და 22-ე მუხლით დაცული გაერთიანების თავისუფლების დარღვევას. სწორედ ამიტომ, მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, დღევანდელ სხდომაზე, მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერებაა.
2024 წლის 2 სექტემბრიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მონიტორინგის დაწყების უფლებამოსილება, რაც მოსარჩელე მხარეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ (იძულებითი) რეგისტრაციის, ჯარიმების დაკისრების, გამოუსწორებელი ზიანის და შედეგად, საქმიანობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დააყენებს. შესაბამისად, არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მითითებული უფლებების გამოუსწორებელი დარღვევის საფრთხე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს და ისარგებლოს პროცესუალური მექანიზმებით, რომელთა გამოყენებითაც შეძლებს უფლებით ეფექტურად სარგებლობას, რაც, მათ შორის, მოიცავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მდგომარეობის იმგვარად გაუარესების პრევენციას, რომელსაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი ვერ აღმოფხვრის.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ინსტრუმენტი. „სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას” (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/2/577, პარ. II-35).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ სასამართლოს სარჩელის რეგისტრაციიდან ამ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი საშუალოდ 4 წელს შეადგენს, თუმცა, რამოდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება 7 წელიწადში იქნა გამოტანილი. განსახილველ საქმეში, სადავო ნორმიდან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანი თავიდან ვერ იქნება აცილებული ვერც კანონით გათვალისწინებულ 9 თვეში და მით უმეტეს ვერც 4-7 წელიწადში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენების ყველა წინაპირობა:
ა) გამოუსწორებელი ზიანი:
უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს?
2024 წლის 2 სექტემბრიდან, სადავო კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეძლება დაიწყოს ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, მათ შორის, მოსარჩელეების მონიტორინგი. მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის გადაწყვეტილება, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმების კრიტერიუმი ან რამე დამაბრკოლებელი გარემოება კანონში არ გვხვდება. სხვაგვარად, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია დაიწყოს მონიტორინგი ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიასაშუალების მიმართ ნებისმიერ დროს. მონიტორინგის დაწყება, თავის მხრივ, გამოიწვევს კანონის რეპრესიული მექანიზმების სრული მასშტაბით ამოქმედების შესაძლებლობას.
ამ მექანიზმთა „მოქნილობა” და ბოროტად გამოყენების პოტენციალი, ისევე როგორც მონიტორინგის მომწესრიგებელი ვადებისა და პროცედურების ნაკლოვანება, მოსარჩელეთათვის ჯარიმების დაკისრების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ორგანიზაციას, რომელიც შეეცდება თავისი უფლებების დაცვას და უარს იტყვის მასტიგმატიზირებელ და ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციაზე, 2024 წლის ბოლომდე, დაახლოებით 95 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. უპირველესად, წინამდებარე სარჩელით ეჭვქვეშაა დაყენებული აღნიშნული ჯარიმების ლეგიტიმურობა, ვინაიდან იგი კონსტიტუციით განსაკუთრებულად დაცულ ლეგიტიმურ საქმიანობას აცხადებს „საზოგადოებრივად გასაკიცხ ქმედებად”. მეტიც, ჯარიმის დაკისრების რისკის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მასტიგმატიზირებელ რეესტრში რეგისტრაციით, თუმცა, ესეც კი სრულად არ ხსნის ჯარიმის დაკისრების საფრთხეს. შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, სადავო ნორმები მოკლე დროში გამოიწვევს ჯარიმების აღსასრულებლად მიქცევას, ხოლო მოსარჩელე ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნული ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებს თანხების არარსებობის ან/და მათი „ჯარიმის გადახდის მიზნით” განკარგვის შეუძლებლობის მიზეზით. მთლიანობაში, საქმე მიექცევა აღსასრულებლად, რასაც, შედეგად, შეიძლება ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება მოჰყვეს, მასში დროებითი მმართველის შეყვანა და საბოლოოდ ლიკვიდაცია/რეგისტრაციის გაუქმებაც კი.
მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად გამოიყოს მესამე პირების დაჯარიმების შესაძლებლობა. ეს ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ორგანიზაციის თანამშრომლების, ასევე ორგანიზაციების საქმიან პარტნიორთა მიმართაც. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადებისა და სადავო კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეები უფლების შეუქცევადი დარღვევის პირისპირ აღმოჩნდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმები არამხოლოდ მოსარჩელეთა უფლებების გამოუსწორებლად დარღვევის შესაძლებლობას იძლევა, არამედ სადავო ნორმების რეალური მიზანი სწორედ ამგვარი გამოუსწორებელი შედეგების გამოწვევაა. ეს გარემოება, დამატებით ცხადყოფს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საჭიროებას.
ბ) შესაძლებელია თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება:
საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისას, აფასებს მის ეფექტიანობას და გავლენას მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე. სასამართლო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებით შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება, პრევენცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის No2/2/1337 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მოსარჩელე ორგანიზაციების სამართლებრივ მდგომარეობაზე არსებითი გავლენის მოხდენა და სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათთვის გამოუსწორებელი ზიანის, კერძოდ მათი ფუნქციონირების უკიდურესად გართულების და არსებობისთვის ეგზისტენციური საფრთხეების აღმოფხვრა შეუძლია.
კერძოდ, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, მოსარჩელე ორგანიზაციებისთვის აღარ იარსებებს მათი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება და ამისთვის შესაბამისი განცხადების, განაცხადის/საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებები. ამასთან, ორგანიზაციების მიმართ იუსტიციის სამინისტრო ვეღარ გამოიყენებს მონიტორინგის, ისევე როგორც მათზე და მათგან ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის მოძიების რეპრესიულ მექანიზმებს. სადავო კანონის გასაჩივრებული დებულებების მოქმედების შეჩერებით, ბუნებრივია, აღარ იარსებებს მოსარჩელე ორგანიზაციებისთვის გაკოტრების განმაპირობებელი ჯარიმების გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა.
თუმცა, განსაკუთრებულად ხაზი უნდა გაესვას სადავო კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერების შედეგებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი, სადავო კანონის დროში მოქმედებას არეგულირებს. სწორედ ამ სადავო ნორმის საფუძველზეა შესაძლებელი სადავო კანონის დანარჩენი ნორმების ამოქმედება არა 2025 წლის იანვრიდან, არამედ 2024 წლის აგვისტოდან. ამდენად, მისი მოქმედების შეჩერება პირდაპირ არის დაკავშირებული და შეუძლია მოსარჩელე ორგანიზაციათა სამართლებრივ მდგომარეობაზე რეალური გავლენის მოხდენა. ამგვარად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არსებით გავლენას მოახდენს მოსარჩელე ორგანიზაციების სამართლებრივ მდგომარეობაზე, ააცილებს მათ გარდაუვალ საფრთხეებს და შესაძლებელს გახდის მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას, კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებით შეუფერხებელ სარგებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გ) აქვს თუ არა მოსარჩელეს ზიანის თავიდან აცილების შესაძლებლობა სხვა სამართლებრივი საშუალებებით:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოუსწორებელი შედეგის წარმოჩენასთან ერთად, აუცილებელია გამოიკვეთოს, რომ მოსარჩელე ორგანიზაციებს არ აქვს ამ შედეგის თავიდან აცილების, ან მისი შემცირების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა.
პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყის მასტიგმატიზირებელი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ეფექტიდან მომდინარე ზიანის შემცირებას, ამგვარ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმა ვერ უზრუნველყოფს. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილებას ანიჭებს. თავის მხრივ, სამინისტროს იძულებითი რეგისტრაციის მექანიზმის გამოყენება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია. რეგისტრაციისა და მონიტორინგის იძულებითი ბუნების გათვალისწინებით, ზიანი — მასტიგმატიზირებელი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ეფექტის სახით — მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.
გასათვალისწინებელია რომ 2024 წლის აგვისტოში, ორგანიზაციას მოეთხოვება რეგისტრაცია 2023 წლის საქმიანობისთვის და იგივე საქმიანობის სხვანაირად, იმ ფორმით განხორციელება, რომელიც ორგანიზაციას ზიანს ააცილებს, შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ორგანიზაციები უარს იტყვიან სამომავლოდ უცხოური დაფინანსების მიღებაზე, ეს მათ რეგისტრაციის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. მიმდინარე წელს, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კანონმა დაუკავშირა უკვე განვლილ პერიოდს, 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და მიღებულ შემოსავალს, სადაც ორგანიზაციებს თეორიულადაც კი არ შეუძლიათ რაიმე ფორმით ზემოქმედება და ამ ვალდებულების თავიდან აცილება.
რაც შეეხება მონიტორინგთან ან/და არაპროპორციული ჯარიმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზიანს, მისგან მოსარჩელეები დაცული არ არიან დარეგისტრირების შემთხვევაშიც კი. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსარჩელე ორგანიზაციები მათთვის მასტიგმატიზირებელ რეესტრში გადაწყვეტენ რეგისტრაციას, ისინი არ თავისუფლდებიან მონიტორინგის განხორციელების რისკისგან. მათ მიმართაც ისევე არის შესაძლებელი მონიტორინგის განხორციელება შემოწმების მიზნით, როგორც დაურეგისტრირებელი ორგანიზაციების შემთხვევაში.
ამასთან, ნებისმიერი ორგანიზაცია, განურჩევლად რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ერთნაირად ექვემდებარება როგორც პერსონალური თუ სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას (ამგვარი მოთხოვნა არსებობისას), ასევე შესაბამის პასუხისმგებლობას (ჯარიმის დაკისრებას). სადავო ნორმებით განსაზღვრული მექანიზმების ერთობლივად გამოყენება ზრდის ზიანის ინტენსივობას, თუმცა იგი უკვე გამოუსწორებელი ბუნების მქონეა (სადავო კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს).
კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არაერთხელ იქნა წარმოდგენილი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თავისთავად მასტიგმატიზირებელი იარლიყი უკვე იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს მოსარჩელე ორგანიზაციებისთვის. სარჩელში ასევე დასაბუთებული გვაქვს, რატომ არ/ვერ წარმოადგენს საერთო სასამართლოების კონტროლი სადავო ნორმებიდან მომდინარე ძირითადი უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობს არათუ სადავო ნორმებიდან მომდინარე და გარდაუვლად დადგომადი გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების, არამედ მისი შედეგების თუნდაც მცირედით შემცირების რაიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი.
დ) სადავო ნორმების შეჩერება არ უქმნის საფრთხეს სხვა ლეგიტიმური ინტერესებს:
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტში ექსპლიციტურად არ არის მითითებული, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერების ეფექტებს, სხვადასხვა ლეგიტიმურ კონსტიტუციურ ინტერესებზე, მათ
შორის — სხვათა უფლებებზე.
სარჩელში დასაბუთებული გვაქვს, რომ სადავო ნორმები არ არის მიღებული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. მეტიც, სადავო ნორმების de facto ლეგიტიმური მიზანი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ ღირებულებებს — სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.
შესაბამისად, სადავო კანონი არ ემსახურება რა კონსტიტუციით გათვალიწინებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, არ არისებობს ინტერესი, რომელსაც შეიძლება შეექმნას საფრთხე კანონის მოქმედების შეჩერების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მიიღოთ სარჩელი არსებითად განსახილველად და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროთ შესაბამისი სადავო ნორმების მოქმედება.