“საერთაშორისო ამნისტია”: უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ძალა უკანონოდ გამოიყენა

“მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ დამაზიანებელი კანონმდებლობის მიღებას, მისმა წარმომადგენლებმა ღიად წააქეზეს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, რაც ბოლო დღეებში შემაშფოთებელ საფეხურამდე გამწვავდა”, – ამბობს მარი სტრუთერსი, ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი.
ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება უკანონო იყო. ამ განცხადებას “საერთაშორისო ამნისტია” 13 მაისს, გათენებისას თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ ავრცელებს.
პარლამენტში მესამე საკომიტეტო მოსმენის წინ, დემონსტრანტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. გათენებისას, პოლიციამ პარლამენტს ალყა შემოარტყა და აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავა, მათ შორის ამერიკის ორი მოქალაქეცაა.
“ის, თუ როგორ, როგორი გზით მიიღება ეს კანონი – ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში იურიდიული პროცედურების გამოყენებით პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმების, გარეთ პოლიციის მიერ დემონსტრაანტების უმოწყალოდ ცემისა და დაკავებების ფონზე – აჩვენებს ამ კანონმდებლბის საზიანო გავლენას, რომლის სამიზნეც მკაფიოდ არის ადამიანის უფლებები”, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორი.
“ჩვენ მოვუწოდებთ სააქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს ძალისხმევა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვისთვის. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა კი, ვინც ეჭვმიტანილია ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც ძალა უკანაონოდ გამოიყენეს, უნდა გასამართლდეს, ბრძანებათა ჯაჭვის იერარქიის უმაღლეს საფეხურამდე”.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს კენჭი უყარა. პროცედურა 2 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. “საერთაშორისო ამნისტია” ამბობს, რომ ბევრმა პარლამენტარმა პროცესში მონაწილეობის მიღება ვერც შეძლო, რადგან საკანონმდებლო ორგანოს პოლიციის ალყა ჰქონდა შემორტყმული.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ კვირა-ორშაბათის ღამეს, პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენა ძალა, რამაც დემონსტრანტების დაშავებაც გამოიწვია.
“საერთაშორისო ამნისტია” საქართველოში განვითარებულ პროცესებს ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა, თავდაპირველად, დაგმო კანონის ხელახლა ინიცირება, მოგვიანებით კი ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და მისი “სადამსჯელო მიზნით” გამოყენება გააკრიტიკა.
თბილისში გრძელდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები. კანონს “რუსული სტილის” კანონმდებლობად აფასებენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში, ისევე, როგორც ბევრი ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. 10-ზე მეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ახლა თბილისში იმყოფებიან, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.

ასევე დაგაინტერესებთ