“სად მივდივართ? ევროპაში!” – სლოვენიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

“მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში!”, – აცხადებს ის და წერს, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
განცხადებაში, უკვე ყოფილი ელჩი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის კოლეგებს, მინისტრებს, პრემიერებსა და პრეზიდენტებს, რომლებთანაც მუშაობა მოუწია. ასევე, პატივს მიაგებს მისი პედაგოგების, “შემდგომში კოლეგებისა და უფროსი მეგობრების” ხსოვნას, რომელთა შორის, მოიხსენიებს გელა ჩარკვიანს, ალექსანდრე რონდელსა და ლევან ალექსიძეს.
“ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან).
P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში – ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა.
P.S.S. დღევანდელ პოსტს ვურთავ საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოშვებულ საფოსტო მარკას, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია. ახლა კი, დიპ. პასპორტის ნაცვლად, ამ საფოსტო მარკებით ვუგზავნი ჩემს საუკეთესო „ვაიბებს“ პოსტის ადრესატებს…”, – წერს ირაკლი კოპლატაძე
ირაკლი კოპლატაძე 2018 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში. მანამდე, 2013-2018 წლებში იგი თურქეთში უძღვებოდა დიპლომატიურ მისიას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ