„რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ეს ბარბაროსული აქტი, რომელსაც განაგრძობს ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, ამუხრუჭებს ტურიზმის განვითარებას“- შოთა ბურჯანაძე

ს შეჭრა ში და ეს ბარბაროსული აქტი, რომელსაც განაგრძობს ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, ამუხრუჭებს ტურიზმის განვითარებას“- შოთა ბურჯანაძე
საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და ქვეყანას აქვს პოტენციალი, მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი წერტილი გახდეს.
,,ჩვენ ტურისტული კუთხით საინტერესო ქვეყანას წარმოვადგენთ. ეს ღონისძიებაც რომ არ იყოს, ფაქტი, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი იზრდება, იზრდება ტურისტების რაოდენობა, უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის მიმართულებით საინტერესოა.
სტუმრებთან ერთად მსოფლიო მედიის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, რომლებიც გაავრცელებენ ინფორმაციას ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
ჩვენ ხშირად ვართ განებივრებული, რომ ტურისტები თბილისსა და ბათუმს ასახელებენ გამოკითხვებში, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ნახვის წერტილებს.
მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება ამ კუთხით, სერვისის ამაღლება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტურიზმის მიმართულებით“,- ამბობს ბურჯანაძე.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა, გლობალური ტურიზმის განვითარებას ხელი შეუშალა. ომი უარყოფითად აისახა ქართულ ტურიზმზეც.
,,განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია. სტაბილური მდგომარეობა განსაზღვრავს ადამიანის განწყობებს და სურვილებს. რა თქმა უნდა, ომის პერიოდში ადამიანის მდგომარეობა სამოგზაუროდ თუ გასართობად ნაკლებად საინტერესოა.
გლობალურ კონფლიქტებს, რომლის ეპიცენტრშიც ყოველთვის ვხვდებით, ფაქტია, გავლენა აქვს ტურიზმზე. მსოფლიოში, ალბათ, იშვიათი არის ეპოქა და სიტუაცია, რომელშიც არ მძვინვარებს საომარი მოქმედებები, თუმცა ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელოთ ის გეზი, რომელიც გვაქვს.
განვითარება ტურიზმის კუთხით საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ ის გლობალური პრობლემები, რომლებიც შეიძლება თავს გვქონდეს მოხვეული.
რა თქმა უნდა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ეს ბარბაროსული აქტი, რომელსაც განაგრძობს ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, ამუხრუჭებს ტურიზმის განვითარებას. სწორად უნდა ამოვიცნოთ, რომ მშვიდობა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, ამას სწორედ ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა უშლის ხელს და არა სხვა ვინმე. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ მშვიდობა უნდა ვეძებოთ და დავამყაროთ სწორედ იმ მეგობრების გვერდში დგომით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. მშვიდობა მხოლოდ სიტყვა ვერ იქნება, თუ მას სწორი ქმედებები ხელს არ შეუწყობს.
ის პირობები და განვითარება, რაც დღეს გვაქვს, სწორედ ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ავტორი: ქრისტინა კვაჭანტირაძე