რუსებმა ოდესისა და ხერსონის ოლქებზე მასიური შეტევა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის სამხრეთ ოლქებზე „კამიკაძე-დრონების“ და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით მორიგი შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, მტრის სამიზნეს ოდესის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ხერსონის ოლქის აგროინდუსტრიული სიმძლავრეები წარმოადგენდა.
გუმენიუკმა განმარტა, რომ რუსებმა მიმართეს კომბინირებული თავდასხმის ტაქტიკას და ს ჯერ დრონებით, შემდეგ კი რაკეტებით შეუტიეს.
„მტერმა ხერსონის ოლქისკენ „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, შავი ზღვიდან კი, ტაქტიკური თვითმფრინავებიდან – Х-59 ტიპის მართვადი თვითმფრინავი რაკეტა“, – აღნიშნა გუმენიუკმა.
მისი თქმით, დრონებით თავდასხმა ოდესის ოლქის ენერგეტიკულ სექტორზე იყო ორიენტირებული. საჰაერო თავდაცვის ძალების ინტენსიური საბრძოლო მუშაობა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 8-ვე დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ