რა შემთხვევაში აქვს მეპატრონეს უფლება მიატოვოს თავისი შინაური ცხოველი? – იურისტის განმარტება

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება – კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ის 27 პუნქტისგან შედგება და ბევრ საკითხს შეიცავს, რომელიც მიმართულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის სტანდარტიზაციაზე, ასევე ადგენს რა შემთხვევაში აქვს მეპატრონეს უფლება მიატოვოს თავისი შინაური ცხოველი.
იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი რადიო „კომერსანტის“ ეთერში განმარტავს, რომ კანონპროექტის მიხედვით 3 შემთხვევაში შეუძლია მეპატრონეს თავისი ძაღლისა და კატის მიტოვება.
„კანონპროექტში ზუსტადაა განმარტებული რა შემთხვევაში აქვს მეპატრონეს უფლება მიატოვოს შინაური ცხოველი: 1. თუ სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებს; 2. თუ მისი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდება. 3. თუ მეპატრონეს მოუწია საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა მინიმუმ 6 თვით“, – ამბობს იურისტი.
გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, მეორე პუნქტის შემთხვევაში დასაზუსტებელია რა იგულისხმება „საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესებაში“.
„აქ მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო, როგორც იურისტმა. „მკვეთრად გაუარესდება“ არის ძალიან სუბიექტური განმარტება. „მკვეთრად გაუარესებას“ თქვენთვის შეიძლება სხვა აღქმა ჰქონდეს და ჩემთვის – სხვა. შესაბამისად, ვფიქრობ, კანონპროექტმა უნდა დააზუსტოს რას იგულისხმება საცხოვრებელი პირობების მკვეთრად გაუარესებაში. სამივე შემთხვევაში ძაღლი გადადის თავშესაფარში. მაგრამ აქაც კითხვას ვსვამ – რამდენადაა გათვლა შინაური ცხოველის მდგომარეობაზე. სახლში გაზრდილი შინაური ცხოველისთვის ძალიან დიდი ტრავმაა თავშესაფარში გადასვლა. ამიტომ, დასაზუსტებელია – რა შემთხვევაში გადადის, სად გადადის, როგორ გადადის შინაური ცხოველი“, – აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ