რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს? – სამხარაძემ მიზეზი დაასახელა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერები.
დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას – რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძის თქმით, პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.
დღეს არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში, ყველა ამ სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის დელეგაციას. ირაკლი კობახიძის შესახებ ვერ გეტყვით, თუმცა პაპუაშვილი ვიცი, რომ არის იმერეთში. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, – უთხრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
ბუნდესტაგის ფრაქციების სპიკერებს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან, რომლებთანაც წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ილაპარაკა მათგან მოსმენილი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილის შესახებ.
„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ის იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებაში“, – თქვა ჰერმან საბომ.
2024 წლის მაისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. მაშინაც როთი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. „მან [სამხარაძემ] მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების” ოფისში“, – წერდა ის.

ასევე დაგაინტერესებთ