რატი იონათამიშვილი POLITICO-ს სტატიაზე – არ გამიკვირდება, გავიდეს დრო და „ფარას“ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც კეზერაშვილების, სააკაშვილებისა და ასეთი ოდიოზური პირების მიერ იყო დაკვეთილი

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ- არ გამიკვირდება, გავიდეს დრო და „ფარას“ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც კეზერაშვილების, სააკაშვილებისა და ასეთი ოდიოზური პირების მიერ იყო დაკვეთილი, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გამოცემა POLITICO -ს სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმოს.
იონათამიშვილი იმასაც აცხადებს, რომ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ ტრაექტორიაზე საუბარი ცრუ ნარატივია.
„ეს არის ცრუ ნარატივი და ცრუ ინფორმაცია, რაზეც სერიოზული საუბარი არარელევანტურია. რაც მთავარია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში აზიანებენ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს. ამიტომ, მსგავსი ნარატივებით საუბრები, სპეკულაციები და დეზინფორმაცია საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო. ვინც ამას კადრულობს, ის მტრობს საქართველოსაც და ევროკავშირსაც“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
19 სექტემბერს, POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”.

ასევე დაგაინტერესებთ