პრემიები მკლავჭიდელებისთვის — რა ხდება სინამდვილეში?

მოლდოვაში 15-25 აგვისტოს მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ეს 45-ე ჩემპიონატია მკლავჭიდში, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 26-ედ მიიღეს მონაწილეობა.
საქართველო ჩემპიონატიდან 143 მედლით დაბრუნდა. აქედან 96 მედალი პარამკლავჭიდელების ანგარიშზეა — ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი. პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში, 61 მონაწილე ქვეყანას შორის, პირველი ადგილი მოიპოვა. ქართველ პარამკლავჭიდელებს უკან მეორე და მესამე ადგილებზე და ყაზახეთი მოსდევენ.
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი პარამკლავჭიდელის, მსოფლიოს მოქმედი და სამგზის ჩემპიონი ვახო ახობაძის ვიდეო, რომელსაც შერკინების დაწყებამდე მეტოქე ხელის ჩამორთმევაზე უარს ეუბნება. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაიგო ფართო საზოგადოებამ, რომ პარამკლავჭიდში ნაკრები გვყავს და ის მსოფლიოს მასშტაბით პირველია. საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა პარამკლავჭიდელების დაფასება-არდაფასების თემა.
სხვადასხვა კერძო პირმა და ბიზნესმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ ვახო ახობაძე დაეჯილდოებინა. დანარჩენი სპორტსმენები, მოქმედი და არაერთგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ისევ ჩრდილში დარჩნენ.
28 აგვისტოს საქართველოს მთავრობის გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მთავრობა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემდა.
„I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700. პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია“, — ეწერა საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან კმაყოფილება მოჰყვა. „როგორც იქნა, სათანადოდ დაფასდებიან ეს ადამიანები“, — წერდნენ მომხმარებლები.
მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა გამოცდილი და ტიტულოვანი პარამკლავჭიდელი ბესო ლეკიაშვილი. მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ რამდენადაც გასახარია საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ინტერესი, იმდენადვე შეუძლებელია მთავრობის განცხადების უყურადღებოდ გატარება. ის ამბობს, რომ პრემიებში ახალი არაფერია, მთავრობას ხალხი შეცდომაში შეჰყავს და წლებია მკლავჭიდელები მხოლოდ დიდი პირადი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღებას.
„იმედია, ეს თანხა მართლა ჩაგვერიცხება, მაგრამ ხალხო, არ შეხვიდეთ შეცდომაში, საქართველოს მთავრობა გატყუებთ აქ. გემდურებით იმ სპორტსმენებს, რომელთაც სპორტის სამინისტროს მადლობა უთხარით. ჯამური მილიონები რომ წერია იქ. რა მილიონები?! ვახო ახობაძე სახლში რომ ბრუნდება აეროპორტიდან, „პაპუტნის“ მიჰყვება, რა მილიონები?!“ — ამბობს ლეკიაშვილი.
საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამაში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული, მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდელთა მიერ მოპოვებული ადგილების შესაბამისად პრემიები, რაც საქართველოს მთავრობამ დაასახელა, მართლაც 10 წელია არსებობს, 2014 წლიდან და აქ წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
2014 წლიდან განსაზღვრული ამ ფულადი პრიზების ფონზე ბესო ლეკიაშვილი საუბრობს, რომ კიდევ უფრო ადრე, 2014 წლამდე, ეს პრემიები უფრო მაღალი იყო.
„თქვენ ხომ იმატებთ პრემიებს, თქვენ ხომ ემსახურებით სპორტს? თქვენ ხომ ჩვენს გამარჯვებაში იღებთ ფულს? ჩვენს გამარჯვებაში ჩვენ მოგვიმატეთ, თქვენ კი ნუ იმატებთ. კი ბატონო, მერე გეტყვით მადლობას. […] 17 000 ლარი მსოფლიო ჩემპიონობაზეო. წინა ხელისუფლების დროს აქ 10 000 დოლარი ეწერა. ვიცი ახლა ამაზე ბევრი გამაკრიტიკებთ. მაგრამ თქვენ რომ მოხვედით, დაგვაკელით. რატომ გგონიათ, რომ კითხვა არ ვიცით?!“ — ამბობს ლეკიაშვილი.
პარასპორტსმენი მთავრობას და საზოგადოებას ახსენებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს, რასაც ისინი საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად აწყდებოდნენ.
„ბევრი მსოფლიო ჩემპიონი შეურაცხყოფილია. არც ის დაგვვიწყებია, რომ ეროვნულ პარანაკრებს, რომლებიც მსოფლიოში პირველები ვართ უცვლელად, სპორტის სამინისტროსთან წლების განმავლობაში აქციები დაგვჭირდა, ვათენებდით, რომ შეჯიბრზე წასასვლელი ფული გამოგეყოთ. ამ მსოფლიოზე წასვლის წინაც პრობლემები იყო. აი, ზუსტად ამ ვახო ახობაძეს წინ პოლიცია უდგა, ქალბატონ თეა წულუკიანთან მისულს, მინისტრთან შესვლის უფლება არ გაქვსო, ეუბნებოდნენ. არაფერი დაგვვიწყებია“, — ამბობს ლეკიაშვილი.
ლეკიაშვილი გულისხმობს იმ არაერთწლიან გაუგებრობას, დარღვევებსა და დავებს, რაც მკლავჭიდელებსა და ფედერაციას, ფედერაციასა და სამინისტროს შორის არსებობს.
რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2021 წელს სექტემბერში მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არ ჩატარდა. მიზეზად რთული ეპიდვითარება დასახელდა. დაგეგმილ ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე სპორტისა და კულტურის სამინისტრომ ეროვნულ ფედერაციას აცნობა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ ჩათვალა საქართველოში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება.
მკლავჭიდის ფედერაციის მტკიცებით, სახელმწიფომ ფედერაციას მისცა დაპირება, რომ საქართველოში პარამკლავჭიდის 41-ე ჩემპიონატს დააფინანსებდა, თუმცა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ჩემპიონატი ვერ გაიმართა.
ჩემპიონატის ჩატარებაზე უარს წინ უძღოდა მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი სოსო ჯაჭვლიანის დაპირისპირება ჯერ სთან, მისი ცოლის ძმასთან და შემდეგ თეა წულუკიანთან 2020 წელს, როდესაც ჯაჭვლიანმა ოცნება რეჟიმად მოიხსენია და პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. იმავე წელს დაიწყო დავა ფედერაციასა და სამინისტროს შორის. სამინისტრო ფედერაციას თანხების არამიზნობრივ განკარგვას ედავებოდა.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ფედერაციისა ქართველი მკლავჭიდელების დისკვალიფიკაციის შესახებ ყველა საერთაშორისო ღონისძიებიდან, რომელსაც WAF ან WAF-ის წევრები ჩაატარებდნენ.
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას დაეკისრა მილიონ დოლარამდე ჯარიმის გადახდა კონტრაქტის დარღვევის, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ჩემპიონატის არჩატარების გამო, WAF-ის ხელმძღვანელების, წევრების შეცდომაში შეყვანის, დიდი ფინანსური და რეპუტაციული ზიანის გამო, რაც ამით მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციასა და მის წევრებს მიადგათ. იმ წელს ჩემპიონატი რუმინეთში მაინც ჩაატარეს.
2022 წელს, დისკვალიფიცირებულები საქართველოსთან ერთად, და ბელარუსიც იყვნენ. მაშინ საქართველოს ფედერაციამ რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან მიიღო შეთავაზება ერთობლივი ტურნირის ჩატარების შესახებ. ქართულმა ფედერაციამ უარი თქვა.
„თავად ის ფაქტი, რომ ასეთი შემოთავაზება მოხდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მდგომარეობას, რაშიც ჩააყენა კულტურის და სპორტის სამინისტრომ ქართული მკლავჭიდი“, – ამბობდა იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ფედერაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავაში წარმოადგენდა.
ფედერაცია სამინისტროსგან მსოფლიო ფედერაციის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას ითხოვდა. ეს დავა დღემდე გადაუჭრელია. სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა ქართველ სპორტსმენებს მსოფლიოს ფედერაციამ ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მაინც აღუდგინა და 2022 წლიდან ისინი საერთაშორისო ასპარეზობებში ისევ მონაწილეობენ.
სტუდია მონიტორის მიერ 2023 წელს მომზადებულ მასალაში „მიტოვებული ჩემპიონები“, პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები, დაუფარავად ჰყვებიან, მაგალითად, როგორ წასულან საერთაშორისო შეჯიბრებებზე იმის ხარჯზე, რომ მწვრთნელს გაუყიდია პირადი ნივთები, როგორ დადიან საკუთარი ხარჯით, პროცენტიანი ვალებით, ბანკის სესხებით, ან როგორ რჩებიან ტურნირებს მიღმა სპორტსმენები, ვინც თანხის შოვნას ვერ ახერხებს. ჰყვებიან იმასაც, არ უნაზღაურდებათ ხშირად გაწეული ხარჯები ჩემპიონატებისთვის მოსამზადებლად, იქ გასამგზავრებლად, ან როგორ უნაზღაურდებათ მხოლოდ ნაწილობრივ.
2022 წელს, როცა დისკვალიფიკაცია მოხსნილი პარამკლავჭიდელები სახსრებს ეძებდნენ ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის, ჰქონდათ აქციები კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ითხოვდნენ მინისტრ წულუკიანთან შეხვედრას, თუმცა პარასპორტსმენებსა და სამინისტროს შორის პოლიციის კორდონი იდგა. მათ არავინ შეხვედრია და დალაპარაკებია.
პარასპორტსმენები იხსენებენ, რომ თვითმფრინავის ბილეთები რომ ვერ იყიდეს, 2022-ში მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთში მათი ნაწილი, დაახლოებით 15 ადამიანი და მათ შორის ორი ეტლით მოსარგებლე, ავტობუსით წავიდა და 30 საათი გზაში გაატარა.
პრემიები მკლავჭიდში პირადი მწვრთნელებისთვის, ვინც რეალურად ავარჯიშებს პარამკლავჭიდელებს, სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია მთავარი მწვრთნელი და მისი სოლიდური პრემია — სპორტსმენთა საპრიზო თანხის 50%. თუმცა, როგორც პარასპორტსმენები ჰყვებიან, მთავარ მწვრთნელს ისინი ფაქტობრივად ვერ ნახულობენ.
ბესო ლეკიაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მაც. მისი თქმით, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე.