ომბუდსმენი გმობს საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ მუქარას

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს.
ომბუდსმენის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე იკვეთება, მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები.
„ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და
მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რიკს. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ როდესაც არასრულწლოვანები სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გაატაროს სათანადო, პრევენციული და დამატებითი ღონისძიებები მათი უსაფრთხოების დასაცავად.
„კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა გავლენა ექნება აღნიშნულს ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ