ნინო ზურიაშვილის მანქანა დააზიანეს და სახლის ფასადზე გააკრეს სიძულვილის პლაკატები

დღეს, 10 მაისს დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან უკვე მესამე დღეა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების ოფისებთან და სახლებთან სიძულვილის შემცველ პლაკატებს და წარწერებს ტოვებენ.
დღეს განცხადება გაავრცელა „სტუდია მონიტორმა“, რომელიც ამ ყველაფერს ტერორად აფასებს.
„დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები. გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც „სტუდია მონიტორის“ ოფისია განთავსებული. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.
ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.
მიუხედავად ამისა, „სტუდია მონიტორის“ გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.
არა რუსულ კანონს“, – ნათქვამია „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში.
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს რამდენიმე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
გარდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხვდებიან საცხოვრებელ სახლთან და მათ ჯგუფურად თავს ესხმიან.
ამასთან, 8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი აზრით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვაა.