მუქარის შემცველი ზარების და პოსტერების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არაა – UK

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება.
გაერთიანებული სამეფო ასევე მოუწოდებს მთავრობას გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
„მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს რამდენიმე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების ოფისებთან და სახლებთან ტოვებენ სიძულვილის შემცველ პლაკატებსა და წარწერებს.
გარდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხვდებიან საცხოვრებელ სახლთან და მათ ჯგუფურად თავს ესხმიან.
ამასთან, 8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი აზრით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვაა.