მიხეილ სააკაშვილი – ჩემი პატიმრობის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, უპირველესად იმიტომ, რომ ჩემს ხალხს ვერ ვეხმარები – თქვენ მე მასამართლებთ სამშობლოს სიყვარულისთვის

მინდა ვუთხრა უცხოეთში წასულ თანამემამულეებს: ჩვენ ერთად უნდა ჩავალაგებინოთ ამათ ჩემოდნები და ხელისუფლებიდან გავუშვათ – თქვენ ახლა ყველა უნდა ალაგებდეთ ჩემოდნებს და საქართველოში დასაბრუნებლად უნდა ემზადებოდეთ, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებს.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს „ძალიან მაგარი პერსპექტივა აქვს“.
„საქართველოში დაიწყება ისეთი აყვავების და განვითარების ხანა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასოდეს ღირსებია; რომელიც თითქმის უკვე დაწყებული იყო, ესენი რომ არ მოსულიყვნენ. ძალა, გამოცდილება, უნარები გვაქვს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ვიყავით მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, ახლა ვენესუელაზე უფრო ჩამორჩენილი ვართ. მორჩა მაჩანჩალობა და ხელჩამოშვებულობა, მორჩა უკან დახევა, ასევე, მორჩა თავის დახრა ძალადობისადმი!“, – აღნიშნა მესამე პრეზიდენტმა.
მესამე პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიციის დღევანდელი ამოცანა არის მობილიზაცია, რათა შედეგები დაიცვან.
„მე, რომელსაც ამხელა საერთაშორისო ავტორიტეტი, კონტაქტები მაქვს, რომელიც ახლა როგორც ჰაერი, ისე სჭირდება საქართველოს, მანადგურებენ და მსპობენ. ჩემი პატიმრობის ყოველი დღე – ეს იქნება კლინიკაში, თუ ციხეში, არის ჯოჯოხეთი, უპირველესად იმისათვის, რომ ჩემს ხალხს ვერ ვეხმარები. მე ყველაფერი ჩემი ხალხისთვის მინდა, ჩვენი ქართველი და ჩემი უკრაინელი ხალხისთვის.
ჩვენი ამოცანა დღეს არის მობილიზაცია, ჩვენ აუცილებლად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად არჩევნების შედეგებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბებას. ისინი აპირებენ თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, ნამდვილი ეგზიტპოლების შედეგების დადებას, სადაც ისინი წააგებენ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ, ოპოზიციამ საერთო ენა კიდევ ერთხელ უნდა მოვნახოთ და ერთად გავუძლოთ ამათ შემოტევას. ისინი შეეცდებიან დაგვღალონ, სატყუარები გადმოაგდონ, დრო გაიყვანონ, ზამთარში შეგვიყვანონ, ასევე, ფიქრობენ, რომ ამასობაში იქნებ ამერიკაში, იქ, რაღაც შეიცვალოს და საქართველო ყველამ დაივიწყოს. საქართველო მსოფლიოს არ უნდა დავავიწყებინოთ! რამდენადაც ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენად ჩვენ მხარდაჭერა გვექნება. ახლა ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „თქვენ მე მასამართლებთ სამშობლოს სიყვარულისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ