მიხეილ სააკაშვილი – რაც გაეროში ვიხილეთ და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში

ის, რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც გაეროში 2008 წლის ომთან დაკავშირებით ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატა წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოვლენები ნათელი სიგნალია „ქართული ოცნების“ რეჟიმის გასაძევებლად.
„ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.
ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო სამუდამოდ გაქრება, მსოფლიო რუკიდან.
ეს არაა პარტიული ან საერთოდ პოლიტიკური საკითხი, არამედ არის ამბავი თითოეული ქართველის და საქართველოს თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინების, სანამ ძალიან გვიან არ იქნება და არ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც თითოეული ჩვენგანის მომავალს ვეღარ გადავარჩენთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების “მანიაკალურ სურვილს”, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, “სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ”.
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.
უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა”, – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ