,, მე პირადად, და ჩემმა რწმუნებულებმა, ამ პერიოდში 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა” – ლევან იოსელიანის ანგარიში

,, მე პირადად, და ჩემმა რწმუნებულებმა, ამ პერიოდში 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა” – ლევან იოსელიანის ანგარიში
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენის ანგარიში წარადგინა:
,,უფლებათა დარღვევა ძირითადად 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების არგატარებამ, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა. შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვინც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. მე პირადად, და ჩემმა რწმუნებულებმა, ამ პერიოდში 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. აქციებზე დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის ტენდენცია გამოიკვეთა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში, ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის ძალადობრივ შეუწყნარებლობებს. სამწუხროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ხოლო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია”