მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება 7 ოჯახი, გაცემულია გაყვანის რეკომენდაცია – სააგენტოს ანგარიში ნერგეეთზე

გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური ანგარიში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ.
სოფელ ნერგეეთში მეწყრულმა მასამ დასახლებულ უბნამდე სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია. შესაბამისად, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ეფექტური ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და იქ მცხოვრები 7 ოჯახის, გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია გაიცა.
„სოფელ ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია – ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება.
აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა; მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3-ია; მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი; მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს; მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად, 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით;
ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები; პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია. შესაბამისად, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ