“მაგარი გეგმა მოვხაზე, კარგად მისმინე, ვილი” – ალეკო შუღლაძე

ვილი სანიოლს ვერ ვუკავშირდები, ეტყობა ვარჯიშზეა. არადა გუშინ ჩეხებთან თამაშის ტაქტიკაზე მეკითხებოდა, ჩემი აზრი აინტერესებდა. ჰოდა, მაგარი გეგმა მოვხაზე, კარგად მისმინე, ვილი.
არავითარი ორგანიზებული და კოლექტიური თამაში. ინიციატივა რომც ჩავიგდოთ და ბურთი ვაკონტროლოთ, მხოლოდ ზუსტი პასებით და გაუთავებელი გათამაშებით, გოლს ვერ გავუტანთ. თვითონაც ზუსტად ეგრე თამაშობენ და ეგრევე გაგვშიფრავენ. პორტუგალიამ ეგრე ითამაშა და შეცდა, შეიძლებოდა, ვერც მოეგო.
ინდივიდუალური თამაში გვჭირდება: დრიბლინგი (მატაობა), საჯარიმო მოედნის წინ მოკლე პასები და გვერდებიდან დაბალი, გამჭოლი ჩაწოდებები (მოუქნელები არიან, ერთი ავტოგოლი არ აწყენდათ). სამაგიეროდ, მაღლები არიან და თავით ვერ ვაჯობებთ. ამიტომ მიქაუტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი – ესენი უნდა ათამაშდნენ. აქამდე პენალტი არ ყოფილა და იქნებ ჩეხების კარში დაიდოს (გაგახსენებთ, რომ ხელში მოხვედრაც პენალტია).
ცენტრი საერთოდ არ გვჭირდება, მენოტის ნათქვამს მოვიშველიებ: „თამაშის ბედი წყდება არა ცენტრში, არამედ საჯარიმოში.“ ანუ მთავარი ამოცანა ბურთის იქამდე მითრევაა და მერე დრიბლინგი, ტექნიკა, „კედლების“ გათამაშება.
ვილი, კარგად დაიმახსოვრე, კონტრშეტევები კარგია, მაგრამ თითო-ოროლა კაცმა არ უნდა აკეთოს, ვერ მოვერევით, ხისტი დაცვა ჰყავთ. ბურთი იმათ საჯარიმომდე უნდა მივიტანოთ და კარის წინ ორომტრიალი მოვუწყოთ. სხვას ნურავის დაუჯერებ, კვარას ენდე და თავიდანვე ათამაშე. თუ ჩეხები ჩვენს ფორვარდებს ალღოს აუღებენ, მხოლოდ მაშინ შეცვალე ტაქტიკა, B გეგმაზე გადადი და ბუდუ მერე გამოიყვანე.
ქოჩორას უთხარი, რომ ორი სანტიმეტრით დაბლა დაარტყას.

ასევე დაგაინტერესებთ