ლაშა ტუღუში – მე ვფიქრობ, რომ რუსეთი აუცილებლად ჩაერევა საქართველოს არჩევნებში იმიტომ, რომ რა დოზითაც არ უნდა აკონტროლებდეს, ყოველთვის უფრო მეტი უნდათ

მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჩაერევა საქართველოს არჩევნებში იმიტომ, რომ რა დოზითაც არ უნდა აკონტროლებდეს, ყოველთვის უფრო მეტი უნდათ, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ლაშა ტუღუშის თქმით, საპარლამენტო სთვის რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი ცუდი ნაბიჯია მოსალოდნელი.
„ისინი არ დაკმაყოფილდებიან კონტროლის იმ ხარისხით, რომელიც გააჩნიათ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მე ველოდები, რომ იქნება სერიოზული პრობლემები. რაში გამოიხატება ეს პრობლემები და რა ინტერესები აქვს დღეს რუსეთს საქართველოში, რის გაუარესებას მოინდომებს, ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მოინდომებს ბევრად უფრო უარესი სურათის მიღებას, ვიდრე დღეს არის საქართველოში. გასაგებია, რომ ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ მათი ინტერესი უფრო მეტია. მათი მადა უფრო მეტია იმასთან შედარებით, რითაც დღეს კმაყოფილდებიან. მე ველოდები მათი მხრიდან ბევრ ცუდ ნაბიჯს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ლაშა ტუღუშმა გადაცემა „რეზიუმეში“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის არ დასწრების მიზეზი მიღებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ არსებული კრიტიკული ჩანაწერია.
„საკმაოდ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრი. საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მიიღეს, სადაც საქართველოზე რაღაცები წერია, ძალიან მტკივნეულია ხელისუფლებისთვის. როცა შენს ლიდერს მოიხსენიებენ სხვა ქვეყნის ოლიგარქად და ასე შემდეგ, ეს ძალიან მტკივნეული იყო და ბუნებრივია მათი პროტესტიც. როცა ასეთი დოკუმენტი იქმნება, ეს არ არის ხოლმე სიურპრიზი. მე არ მგონია, რომ ეს ბოლო 15 წუთში გაეგოთ, ეტყობა იცოდნენ და გარკვეულწილად მიდიოდა ამაზე მოლაპარაკებები. დასავლეთს არ სჩვევია ასეთ ტიპის სიურპრიზები, ისინი, მით უმეტეს რომ საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა და როცა შენზე რაღაცას წერენ ასეთი ტიპის დოკუმენტებში, აუცილებლად წინასწარ გეუბნებიან და ცნობილია. ამიტომ ეს უხერხულობა ძალიან სერიოზული ხასიათისაა და არ არის მისაღები ამ ხელისუფლებისათვის“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ასევე დაგაინტერესებთ