„ლარის გაუფასურების გამო უცხოურ ტურებზე მოთხოვნა, დაახლოებით 40%-ით შემცირდა“- Diverse Travel

რა ვითარებაა ტურიზმის მიმართულებით ქვეყანაში და რა გავლენა ექნება ლარის კურსის ცვალებადობას გამყვან ტურიზმზე, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ Diverse Travel-ის დამფუძნებელმა ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა. მისი თქმით გამყვანი ტურიზმი პირდაპირ კავშირშია ვალუტის კურსთან, რადგან გამყვან კომპანიებს უწევთ, რომ გარკვეული პროდუქცია და მომსახურება შეიძინონ დოლარში და ევროში, შესაბამისად ლარის გაუფასურება მოქმედებს ნეგატიურად.
„ერთის მხრივ ეს გამოიხატება ფასების ცვლილებაში, მეორეს მხრივ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ეს ფასები კიდევ უფრო აიწევს და გაიზრდება, შესაბამისად ვალუტის კურსის ცვლილება კიდევ უფრო დამოკიდებულებაშია გამყვან ტურიზმთან. ამასთან ერთად ძალიან ნეგატიური მოლოდინი და შიში შექმნა იმ ფაქტორმა, რომ იწერება სტატიები იმის შესახებ, რომ ალაპარაკდნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, შესაბამისად, ეს ქმნის შიშს იმაზე, რომ შესაძლოა რაღაც ბარიერები დაგვიწესდეს სხვა ქვეყანაში გასვლაზე. მოგეხსენებათ, რომ უცხოური ტურები იჯავშნება რამდენიმე თვით ადრე და ეს ქმნის ძალიან უარყოფით დამოკიდებულებას ჯავშნებთან დაკავშირებით.
სავალუტო კურსის ცვლილების დღიდანვე საგრძნობლად შემცირდა უცხოურ ტურებზე მოთხოვნა, დაახლოებით 40%-იანი შემცირებაა, შეიცვალა ფასებიც სავალუტო კურსიდან გამომდინარე და ესეც უსიამოვნო დამოკიდებულებას ქმნის მომხმარებლის მხრიდან.“ – აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.
რაც შეეხება ფასებს, ნიკა კვარაცხელია განმარტავს, რომ ლარის გაუფასურების გამო საგზურების ფასები შეიცვალა 15-20%-ით, მისივე თქმით ამან კომპანიაზეც ნეგატიურად იმოქმედა, რადგან უკვე აღებულ ჯავშნებზე მომხმარებელს ფასებს ვეღარ უცვლიან.
„ჩვენ როდესაც წინასწარი ჯავშნები გვქონდა აღებული გაგვეზარდა ფასი.ამ დროისთვის ძალიან გაურკვევლობაში ვართ, მოლოდინი იმისა, რომ სავალუტო კურსი დასტაბილურდება და არ შეინარჩუნებს ზრდის ტემპს ნაკლებად მაქვს.
ტურიზმი არის მეორადი მოთხოვნის საგანი, შესაბამისად ადამიანმა შესაძლოა საკვები პროდუქტი, სამედიცინო დახმარება და ა.შ. არ გადადოს, თუმც ა შესაძლებელია ტურიზმისგან თავი შეიკავოს, შესაბამისად ეს ქმნის უარყოფით ფონს, მოკლე პერიოდში ფასები რადიკალურად იცვლება და თუ 1-2 კვირით ადრე ვჯავშნით საგზურს შესაძლოა ორმაგი ფასი ღირდეს ან სამმაგი და ა.შ.. შესაბამისად ეს არის ტურიზმისთვის უარყოფითი, რადგან ჯავშნების მიღება ხდება 3-4 თვით ადრე, თუ გვინდა რომ საგზური იყოს მისაღებ ფასში“ – აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ