კონსტანტინე ჩახუნაშვილი – BBC -ის ფილმზე საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, ვითომ იკვლევენ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ – ხვალ დაბარებულია ჩემი ძმა, დავით ჩახუნაშვილი

საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვითომ იკვლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ ადამიანებს, – ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მისი ძმაც, ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომლის გამოკითხვაც ხვალ დილით, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება.
„მოლოდინი არაფრის არ მაქვს, ახლა შევალ და მე თვითონაც გავარკვევ, თუ გაუთქმელობაზე არ მომაწერინეს ხელი, დეტალებში მერე გაგარკვევთ.
სავარაუდოდ, კვლევაზეც არის კითხვები და ვნახოთ. ბევრი ადამიანი დაიბარეს, ვინც იყო, ყველა დაიბარეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესო არის ის, რომ აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რაც მიუღებელი არის და ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.
საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას და შიგნითაც, რომ ვითომ იკვლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ ადამიანებს.
მე არ ვიცი, რამდენად ვარ საერთაშორისო მედიასთან დაკავშირებული, ალბათ უფრო კვლევასთან დაკავშირებით დამიბარეს.
ხვალ არის 10 საათზე დაბარებული დავითი (ჩახუნაშვილი)“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.