კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებით, საქართველოში ყველა პენსიონერს ღირსეული ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებით, საქართველოში ყველა პენსიონერს ღირსეული ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს.
ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის „ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აღნიშნა, მათ აქვთ რეალური გეგმა პენსიონერებისთვის 1000-ლარიანი პენსიის დაწესების შესახებ.
„კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მის კოალიციურ წევრებს წლებია საქართველოს პენსიონერების დასაცავად კამპანია აქვთ. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში პენსიონერები ურთულეს მდგომარეობაში არიან. საქართველოში დაბერება უდიდეს საშიშროებასა და ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს წინადადება 1000-ლარიანი პენსიის დაწესების შესახებ. საქართველოში ყველა პენსიონერს ჩვენ ღირსეული ცხოვრების უფლებას შევუქმნით. ეს შეიძლება იმით, რომ საქართველოში იქმნება 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი; საქართველოში ბიზნესს საქმიანობის უფლება ნულოვანი ბიუროკრატიის პირობებში ექნება; ჩვენ ჩამოვიყვანთ ინვესტორებს, დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს და შესაბამისად, სამართლიან ანაზღაურებას, რის შედეგადაც საქართველოში იქნება დოვლათი, თავისუფლად გადაიხდიან ადამიანები გადასახადს. ამით და ასევე, კაზინოების დაბეგვრით დავაფინანსებთ 1000-ლარიან პენსიას. დღეს პენსიონერები „ლიბერთი ბანკის“ წინაშე დატოვებულები არიან პირისპირ. ეროვნული ბანკი და სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ამასთან, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ პენსიონერების დასაცავად არაფერი გააკეთა და მათი ნაწილს სიცოცხლის ბოლომდე ბანკის ვალი აქვს.
„საქართველოში ათასობით პენსიონერის ძარცვა გრძელდება. ეს ადამიანები, მათი უმეტესობა არის სიცოცხლის ბოლომდე ვალში. როცა ჩვენ პენსიონერებზე ვსაუბრობთ, ესენი არ არიან ცალკე განყენებული ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, მშობლები, ბებია – ბაბუები. საქართველოში 800 ათასი პენსიონერიდან 400 ათას პენსიონერს მოტყუებით გაუფორმეს სესხები და არ აუხსნეს მათ რისკები, საფრთხეები. 400 ათასამდე პენსიონერს გაუფორმეს „ოვერდრაფტები“ და კოვიდპანდემიის დროს გაუხანგრძლივეს სესხები ისე, რომ არ აუხსნეს პირობები. შესაბამისად, ამის გაგრძელება არ შეიძლება. ეს უნდა შეიცვალოს. „ძლიერ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პენსიონერები იმსახურებენ 1000 -ლარიან პენსიას, იმსახურებენ ცხოვრების ევროპულ სტანდარტს, იმსახურებენ, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება საკუთარ შვილიშვილებთან ერთად გაისეირნონ, წავიდნენ მუზეუმებში, ამიტომ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ მივცეთ 1000-ლარიანი პენსია.
ეროვნულმა ბანკმა პენსიონერების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა, თვალი დახუჭა ამ მძიმე პრობლემაზე და შესაბამისად, „ქართული ოცნებაც“ თვალს ხუჭავს პენსიონერების მძიმე ცხოვრებაზე. ამის გამო, მათ 26 ოქტომბერს პასუხი უნდა აგონ. ჩვენ „ძლიერი საქართველო“ ვართ რეალური ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეული პირობები შესთავაზოს და ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე დააბრუნოს“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ