თხევადი გაზი მძღოლებისთვის დიდი შეღავათი არ არის

საავტომობილო თხევადი გაზის გაძვირების ტენდენცია ოდნავ შეიცვალა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ ტიპის საწვავის ძირითადი უპირატესობა ფასია, თუმცა მძღოლებისთვის დიდი შეღავათი არ არის. როგორც საფასო დინამიკა აჩვენებს, თხევადი გაზის ფასი ბოლო დრომდე განუხრელად იზრდებოდა და ფაქტობრივად, ბენზინის ღირებულებას მიუახლოვდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ “ელპიჯის” გაძვირება მიზანმიმართულად ხდება და ბაზარზე ხელოვნური ჩარევაა.
ანალოგიური მოსაზრებისაა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, მეზობელ ქვეყნებში არანაირი დეფიციტი არ იყო და ბაზარზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ჩარევას, რამაც ფასების არასასურველი კორექტირება გამოიწვია.
,,უამრავ მიზეზს ასახელებენ, რომ თხევადი აირის გაძვირება გამართლდეს, მათ შორის, ქარხნების აფეთქება, დეფიციტი და სხვა. იმპორტიორების სახელით ახლა ვრცელდება განცხადება, რომ დეფიციტის აღმოფხვრა დაიწყო და ამან პროდუქტის გაიაფება გამოიწვია. ვრჩები ჩემს აზრზე და ვაცხადებს, რომ არანაირი ქარხნების აფეთქება არ მომხდარა. საუბარია ნოვოროსიისკისა და კრასნოდარის მხარეში მდებარე ქარხნებზე. ნამდვილად არ მომხდარა ისეთი რამ, რასაც შეეძლო საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდა გამოეწვია.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ლარსის საბაჟოზე თხევადი აირი შეყოვნებით შემოდის, რასაც ნაკლებად ვიზიარებ. გზებზე დაყოვნება შეიძლება მოხდეს საცობების გამო, ვინაიდან გზის სარეაბილიტაციო მიმდინარეობს. არსებული კანონმდებლობით, ცეცხლსაშიში პროდუქტის დაყოვნება არ შეიძლება.
რაც შეეხება საწვავის ფასს რუსეთში ის ბევრად ნაკლებია და ეს ეხება სწორედ “ელპიჯის”, რომელიც ძალიან იაფია და იქ არანაირი გაძვირება არ შეინიშნება. ამას აქვს თავისი ახსნა, ვინაიდან სანავთობო ქვეყანაა, ჩვენ იმპორტს ვეწევით, რასაც ემატება აქციზი, რომელი თხევად აირზე 300 ლარია. ეს ყველაფერი ფასს ზრდის, მაგრამ არა იმ დონეზე, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით.
თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ბენზინის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნეოდა. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს დააწესებდნენ, საკმაოდ იაფიც ღირდა.
როცა საუბარია გაძვირების გამომწვევ მიზეზზე, იმპორტიორების ნაწილის პოზიციას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. ჩვენც ვფლობთ ინფორმაციას, როგორია მოწოდება, რა სიტუაციაა ბაზარზე და ამის საფუძველზე ვაცხადებთ, რომ გაძვირების წინაპირობები არ არსებობს. ეს ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა, მაგრამ ამის დადასტურება ჯერჯერობით არ შეგვიძლია, ვინაიდან სფერო ნაკლებად კონტროლირებადია”, – აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა თხევადი აირის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ვინაიდან კონტროლი არ ხდება და არ მოწმდება ამ საწვავის ხარისხი, უცნობია, რა ხარისხის პროდუქტი შემოდის ქვეყანაში, რამდენად დაცულია მომხმარებელი.
,,სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არ ხდება საავტომობილო თხევადი გაზის შემოწმება. არ ვიცით, რა ხარისხის და შემადგენლობისაა შემოტანილი პროდუქტი. ეკოლოგებმა უნდა წამოჭრან პრობლემა და განიხილონ ეს საკითხი, ვინაიდან რეალურად დიდი პრობლემაა. ამ მხრივ არანაირი შემოწმება არ მიმდინარეობს. თუ უნდა შემოწმდეს ბენზინისა და დიზელის საწვავი, არ მესმის, რატომ არ მოწმდება თხევადი აირი? არ ვიცით, ქვეყანაში რა ხარისხის პროდუქტი შემოდის,
უზარმაზაროი ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანაა ვოლგოგრადში, ჩრდილო ოსეთში და სანამ ჩვენთან მოვა, ეს უკვე მეორე ან მესამე “ხელია”, ამიტომ აუცილებელია მისი ხარისხის შემოწმება. როდესაც ვაანონსებთ, რომ ევროპა პრიორიტეტია, მაშინ ხარისხი მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს. არსებობენ პროფესიონალები, ყოფილი ლაბორატორია, რომელიც თხევად აირზე დაკვირვებებს აწარმოებს. ევროკავშირის სტანდარტი მოთხოვს უსაფრთხოებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სტანდარტის დასანერგად”, – დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თხევადი აირის გაიაფების ტენდენცია განსაკუთრებით დეკემბრიდან გამოიკვეთება. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფასი 25-35 თეთრის ფარგლებში კიდევ დაიწევს, რაც სეზონური ფაქტორით იქნება გამოწვეული.
“დღეს თხევადი გაზი შემოდის რუსეთიდან უშუალოდ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით და ასევე აზერბაიჯანიდან. ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და რუსეთში ფასი იკლებს. ჩვენთან კი გაძვირდა იმიტომ, რომ კარტელი ჩამოყალიბდა. ადგილობრივ ბაზარზე ხელოვნურ გაძვირებას შეუწყვეს ხელი, გადამზიდავებს ვერ შემოჰქონდათ დროულად და გარკვეული დეფიციტი იყო, ამანაც განაპირობა გაძვირება.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ფასი 75 თეთრით არის გაზრდილი, ეს ძალიან დიდი ნახტომია, ახლა შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალ მნიშნულზეა. კონკურენციის სააგენტოს გადავეცით ჩვენი მასალები, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ არის. სავარაუდოდ, დეკემბრიდან ფასი დაიწევს, მაგრამ ეს უფრო სეზონური ფაქტორით იქნება განპირობებული. ველოდები, რომ თხევადი გაზი დაახლოებით 25-35 თეთრის ფარგლებში გაიაფდება”, – ამბობს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება კარტელს, შენგელიას ინფორმაციით, სპეციალური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი აქვს სხვადასხვა სახის დარღვევას, რაც საბოლოოდ თხევადი გაზის ბაზარზე ნეგატიურად აისახება და ფასის ზრდას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე 120 ლარს შეადგენდა, 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან კი აქციზი 180 ლარით გაიზარდა და 300 ლარი გახდა.
დღესდღეობით გაზგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი თხევადი გაზი 1,65 ლარი ღირს.
წყარო: რეზონანსი