“თუ გვინდა საქართველოში სერტიფიცირებული გიდები გვყავდეს, მათ მეტი პრივილეგიაც უნდა ჰქონდეთ” – ალექსანდრე გიორგიძე

2023 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ “ტურიზმის შესახებ კანონის” მიღების შემდეგ, საქართველოში უცხოელი ტურისტული გიდების სერტიფიცირების საკითხი კვლავ გააქტიურდა. სექტორი მიიჩნევს, რომ უცხოელი გიდები ადგილობრივ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებენ, რის გამოც მათი საქმიანობის გარკვეულწილად შეზღუდვას მოითხოვენ.
რამდენად პრობლემურია უცხოელი გიდების საკითხი ტუროპერატორებისთვის, ამ საკითხზე AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე გიორგიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას როგორც დადებით, ისე უარყოფითი მხარეებიც აქვს.
“ერთი მხრივ, კონკურენცია ძალიან კარგია. რაც უფრო კონკურენტულია გარემო, უფრო მობილიზებული ვარ, რომ ჩემი სერვისები გავაუმჯობესო. მაგრამ, მეორე მხრივ, სექტორის თავისუფლებამ მოიტან ის, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების მინიმუმ მეოთხედს ან მიგრანტები მასპინძლობენ, ან თავიანთი ქვეყნიდან მოყოლილი გიდები და არავინ იცის, რამდენად ზუსტ ინფორმაციას უზიარებენ სტუმრებს.
ბევრ ქვეყანაში არსებობს რეგულაცია, რომ უცხო ქვეყნიდან ჩასული გიდებისთვის ეს საქმიანობა შეზღუდულა. მათ შეუძლიათ, ქალაქი მოუნახულონ და ქუჩები დაათვალიერონ, მაგრამ ისტორიულ ადგილებში ვერ შევლენ, სადაც ადგილობრივი გიდები მუშაობენ”, – განმარტავს გიორგიძე.
რაც შეეხება გიდების სერტიფიცირების საკითხს, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ის ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა გიდებს შესაბამისი სტიმული სჭირდებათ იმისთვის, რომ სერტიფიცირების პროცესს შეეჭიდონ.
“მგონია, რომ სერტიფიცირება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, გარდა მაღალი რისკის შემცველი ტურებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, ალპინიზმი, პარაგლაიდინგი, კანოინინგი და ა.შ. როდესაც ტურისტები მიგყავს მთაში, გჭირდება შესაბამისად გაწვრთნილი გიდი, რომელიც უნდა იყოს ლიცენზირებული. შესაბამისად, ლიცენზია იქნება სავალდებულო, სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი.
მაგრამ, თუ გვინდა, ძალიან კარგი, სერტიფიცირებული გიდები გვყავდეს, მათ ძალიან კარგი პრივილეგიები და უკეთესი პირობებიც უნდა ჰქონდეთ, რათა უღირდეთ ამ პროცესის გავლა. დღეს ერთადერთი, რასაც სახელმწიფო სერტიფიცირებულ გიდს სთავაზობს, მუზეუმში უფასოდ შესვლაა, ეს ძალიან სასაცილოა, ვერაფერს ცვლის. ადამიანს სჭირდება სტიმული, რომ ისწავლოს და უფრო კარგი გახდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია რეგულაცია, მით უფრო ცუდია, მაგრამ იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დავიცვათ, რათა მათ უკეთესი თუ არა, თანაბარი პირობები მაინც ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, რატომაც არა?!” – ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.
გიორგიძე ასევე აღნიშნავს, რომ ტურისტებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების პრობელმა ქართველ გიდებსაც ახასიათებთ, რადგან ბაზარი არ რეგულირდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გამოსავალი გამოცდილი, მცოდნე გიდების წახალისებაა და არა მათი საქმიანობის შეზღუდვა.
“რადგან ბაზარი თავისუფალია, ბევრი ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, ატარებს ტურს, მარტივია, დღეში 150 ლარი აიღო ერთ ტურში, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი მოუმზადებლად მოდის, მხოლოდ “ვიკიპედიის” დონეზე ცოდნით. სამწუხაროდ, ამას ვერაფრით გავაკონტროლებთ. ერთადერთი ბერკეტი ისაა, რომ სტიმული მივცეთ, განვითარდნენ”, – ამბობს გიორგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ