“თუ არჩევნები გაყალბდა, მოგვიწევს, რიგი სანქციები გავატაროთ, მათ შორის, შევაჩეროთ ვიზალიბერალიზაციაც” – ჰერჩინსკი

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ადასტურებს. ამბობს, რომ ახლა ევროკავშირი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება და თუკი ეს პროცესი გაყალბდა, EU საქართველოსთან მიმართებით შეზღუდვებს აამოქმედებს, მათ შორის საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც.
კანონები, რომელიც საქართველომ მიიღო, ზრდის დისტანციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ახლა ყველაფერი მაგიდაზე დევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ჩათვლით. ჩვენ არჩევნებს დაველოდებით. თუ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, ევროკავშირი ითანამშრომლებს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდა, ევროკავშირს აქვს ხელსაწყოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკი ასევე ბელარუსის მაგალითს იხსენებს, სადაც არჩევნების გაყალბების შემდეგ ევროკავშირმა ამ ქვეყნის მიმართ კონკრეტული სანქციები აამოქმედა. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს, ევროკავშირის სტანდარტებს უნდა მოერგოს, რომელიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის.
ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომელსაც უნდა მოერგოს ყველა ქვეყანა, ვისაც უნდა, იყოს ჩვენი ნაწილი. ამიტომ ვითხოვთ რეფორმების გატარებას და მარტივ პრინციპებს, რომელიც პატივისცემაზეა დაფუძნებული. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა – ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელიც გასაზღვრავს მოლაპარაკებების დაწყების ნაწილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირს და ისფედს, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს არჩევნებს და გადაწყვიტონ, არჩევნები ჩატარდა თუ არა სამართლიანად. თუ გადაწყდება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, ჩვენ მოგვიწევს, გავატაროთ რიგი სანქციებისა. მოხდება ის, რაც წარსულში დაემართა სხვა ქვეყნებს. მაგალითად, ბელარუსს, სადაც მოიპარეს არჩევნები და ჩვენ გავატარეთ რიგი სანქციებისა. ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ იქნება დემოკრატიული და სამართლიანი, ევროკავშირს მოუწევს, მიმართოს უკიდურეს ზომებს, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით