აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრს სახლში შეხვდა ვაშინგტონში სტუმრად მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მომავალ მოლაპარაკებებში ფინანსური დახმარების დაჩქარების მიზნით, მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რომელიც მომავალი წლის იანვარში სრულდება. ბაიდენმა თქვა, რომ აშშ იზრუნებს უკრაინის სამომავლო თავდაცვისთვის.
ამერიკის ლიდერმა ზელენსკის მიღებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“. “უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ გზის ყველა ეტაპზე”, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ და უკრაინა „ერთნაირ ხედვას იზიარებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია და რომ უკრაინა ამ გზაზე უპრეცედენტო რაოდენობის რეფორმებს ახორციელებს“.
ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს, შეხვედრამდე, გამოაცხადა, რომ აშშ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
თეთრ სახლში, ბაიდენის გარდა, ზელენსკი შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს. ზელენსკისთან შეხვედრაზე ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას, რადგან ის აკმაყოფილებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს.
ზელენსკიმ 26 სექტემბერს შეხვედრები გამართა ასევე კაპიტოლიუმში, სადაც ის შეხვდა კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს.