თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდება – ნახეთ პროექტი

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
პოპულაციების მართვის ცენტრს კომპანია „ბილდკინგსი“ ააშენებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა.
„პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით.
ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 734 725 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ New Georgia-მ და „ბილდკინგს“-მა მიიღეს.
კომპანია „ბილდკინგსი“ 2016 წელსაა რეგისტრირებული. მის წილებს ფლობენ: ლაშა რუხაძე (40%), ნანო რუხაძე (20%) და ნელი კალაძე (40%).

ასევე დაგაინტერესებთ