თბილისში კიდევ ერთ აქტივისტს დაესხნენ თავს

თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, კიდევ ერთ აქტივისტს, ლერი დარჯანიას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც დაშავებულის მეგობარი ფეისბუკზე წერს, დარჯანიას თავს დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან 7 პირი დაესხა:
„დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების „ტიტუშკები”, დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… იცოდნენ, ლერი მოჭიდავეა, 1 და 2 ქოცი „ტურა” ვერ მოერეოდა, ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს,“ — წერს აქტივისტი დათუნა დანელია.
მისი თქმით, დარჯანიას თავდასხმის შემდეგ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კითხვაზე, არის თუ არა ამ დროისთვის აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით ვინმე დაკავებული, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.