ევრო 2024: საქართველოსა და ჩეხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა საქართველოს ნაკრები 1:0. ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა პატრიკ შიკმა.
მატჩი გაიმართა ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ჩეხეთის ნაკრებმა მრავალი სახიფათო მომენტი შექმნა საქართველოს ნაკრების საჯარიმო მოედანზე, მაგრამ საქართველოს გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თამაშის დამთავარებამდე რამდენიმე წამით ადრე საბა ლობჟანიძემ ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი.
რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის.
დღესვე გაიმართება F ჯგუფის მეორე ტურის კიდევ ერთი მატჩი. თბილისის დროით 20 საათზე დორტმუნდში ერთმანეთს შეხვდებიან თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები.
ევრო 2024-ის მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს გელზენკირხენში ჯგუფის ფავორიტის, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატში.

ასევე დაგაინტერესებთ