დღეიდან 3-დღიანი უქმეები დაიწყო – ვის არ შეეხება დასვენება

3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას ხელი გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უქმე დღეებში იმუშავებს საბაჟო სამსახურიც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.
ამასთან, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.
“3-5 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

ასევე, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიაც. სებ-ის ყველა პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი დამთვალიერებლებს 2024 წლის 11 იანვარიდან უმასპინძლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უქმე დღეებში ხელმისაწვდომი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისებიც.
„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

ა) ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
ბ) ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
გ) სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
“აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეასრულებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად”, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში