დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე სიმაგრეებს ააშენებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი იწყებს მუშაობას აღმოსავლეთის საზღვრის შემდგომ გაძლიერებაზე, რადგან ქვეყანა ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის მზარდი „ჰიბრიდული ომის“ წინაშე დგას.
ტუსკს არ დაუზუსტებია დეტალები დაგეგმილი ქმედებების შესახებ და არც თანხების შესახებ, რომელიც გამოიყოფა, მაგრამ აღნიშნა, რომ ახალი სიმაგრეები „მთელი აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ“ განთავსდება და რომ როდესაც საქმე პოლონეთის უსაფრთხოებას ეხება, „არანაირი შეზღუდვა არ იქნება“.
„პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი უნიკალური ადგილია არალეგალური იმიგრაციის ზეწოლის გამო. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს პროგრესირებად ჰიბრიდულ ომთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზღვარზე ვიზიტისას, სადაც ჯარისკაცებსა და მესაზღვრეებს შეხვდა.
პოლონეთის წინა მთავრობამ და ევროკავშირმა 2021 წელს ბელარუსი მიგრანტების ნაკადის ბრიუსელის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს, რისი მიზანიც, მათი მტკიცებით, მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროკავშირზე ზეწოლის მოხდენა იყო. ბელარუსმა ბრალდებები უარყო. პოლონეთის წინა მთავრობამ, უკანონო მიგრაციისგან დასაცავად, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე 180 კმ სიგრძისა და 5.5 მეტრის სიმაღლის ღობე ააშენა. ის აღჭურვილია კამერებისა და სენსორების სისტემით, რომელიც საზღვარს აკონტროლებს. საზღვრის გადაკვეთის მცდელობები მას შემდეგ გრძელდება. პოლონელი მესაზღვრეების განცხადებით, დღე-ღამეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 300-მდე მცდელობა ფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით