„დაიკავე ქუჩა შენც“ — BASSIANI უერთდება საპროტესტო მსვლელობას

დღეს, 11 მაისს, კლუბი BASSIANI უერთდება საპროტესტო მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნამდე.
„დავიკავებთ ქუჩებს არამხოლოდ 11 მაისს, არამედ ყოველ მომდევნო დღეს, სრულ გამარჯვებამდე. დაიკავე ქუჩა შენც!“ — აცხადებს „ბასიანი“.
კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში არც დუმილის, არც უკანდახევის უფლება არ აქვს, რადგან „დუმილისა და უკანდახევის უკან მხოლოდ უფსკრულია“.
„საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, უკანონო დაჭერები, ჩასაფრებები, ფიზიკურ თავდასხმები, ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული ღირსების შემლახავი, ფაშისტური და შეურაცხმყოფელი კამპანია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელმაც სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადასულია დაშინების და ტერორის გზაზე“, — აცხადებს „ბასიანი“.
კლუბი ამბობს, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში, რეპრესიული მეთოდების სამიზნე გახდა BASSIANI-ის არაერთი თანამშრომელიც, კლუბის ხანგრძლივი და ერთგული მეგზურები და მეგობრები, რომლებიც ახლა უკანონო პატიმრობაში არიან.
„პირველ რიგში, მოვითხოვთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი და უკანონოდ დაპატიმრებული თითოეული მოქალაქის გათავისუფლებას. ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ასეთი ძალადობრივი მეთოდების სამიზნე, და ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მმართველი პოლიტიკური კლასის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, და ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა. ასე იქნება ახლაც, რადგან ამჯერად, ყველაფერთან ერთად, სასწორზე დგას ჩვენი მომავალი და საზოგადოების სრული უმრავლესობის ისტორიული არჩევანი, რომლის შეცვლაც განხილვას არ ექვემდებარება – რუსული იმპერიალისტური ზრახვები და მისი აღვირახსნილი მმართველობა საქართველოში მარცხისთვისაა განწირული“, — ნათქვამია განცხადებაში.
დღეს თბილისში „ევროპის მარში“ იმართება. აქციის მონაწილეები ოთხი ლოკაციიდან (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია) ევროპის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით